ნოდარ დუმბაძის წერილებიდან…
“დედაენას კი,რაკი დედა ჰქვია,მახსოვრობა აღარ სჭირდება,თუ კაცი ხარ და არა პირუტყვი – ენა დედაა შენი და მუდამ უნდა გახსოვდეს,უნდა უკდავყო იგი,როგორც შეგიძლია და რითაც შეგიძლია”.
***
“განსვენებულმა აკადემიკოსმა ნიკო ბერძენიშვილმა,ერთხელ მითხრა სრულიად ახალგაზრდას: – ძალიან ბევრი უცხო ენა უნდა შეისწავლო,ბიძიკო,ქართული ენის ფასი და სიდიადე რომ გაიგოო”. (ავტორი გენია.ჯი)
***
“ორი წიგნი ვიცი მე დღეს საქართველოში,რომელსაც შეიძლება იუბილე გადაუხადო.ეს არის “ვეფხისტყაოსანი” და “დედაენა”,რადგან ეს წიგნები არ გახლავთ,ეს ორი წიგნი – ერია”.
***
“საერთოდაც,მე რომ მკითხო,მთელი დედამიწა ერთი დიდი,უფასო “ბავშვთა სამყარო” უნდა იყოს,რომლის შესასვლელ კარზე უშველებელი ფერად-ფერადი ასოებით იქნება წარწერილი: ყველაფერი ბავშვებისათვის.დახლთან უნდა იდგნენ: ანდერსენი,ძმები გრიმები,ბიჩერ-სტოუ,კორნეი ჩუკოვსკი,ჩარლი ჩაპლინი,მაიაკოვსკი,დისნეი,ვაჟა-ფშაველა,ტოლსტოი,მარკ ტვენი,შექსპირი,ჰიუგო,სერვანტესი,კიპლინგი,ეგზიუპერი”.
***
“რა გრძნობებს უნდა ვზრდიდეთ ბავშვებში ჩვენ,მათთვის მომუშავე მწერლები?
პირველ ყოვლისა – პატრიოტიზმს,სამშობლოსადმი სიყვარულის გრძნობას.სხვა დანარჩენზე კი,ასე ვიტყოდი: ყველა იმ თვისებას,რაც საზოგადოდ ყოველ წესიერ კაცს უნდა ახასიათებდეს’.
***
“ლევ ტოლსტოი ამბობდა,თუ ადამიანები იმ სახსრებს,რომლებიც დამნაშავეთა დასასჯელად იხარჯება,თავის დროზე ადამიანის აღზრდას მოვახმართ,დანაშაული არ იქნებაო”.
***
“საქართველო ძალიან ლამაზ და ჯიშიან ბედაურს ჰგავს,ოქროს უნაგირით შეკაზმულ ბედაურს,თან ისე ლამაზ მდელოზე და გამოსაჩენ ადგილასაა დაბმული,ყველას უნდა შეაჯდეს,ლაგამი ამოსდოს და სარდლის ყიჟინით და ვაშას ძახილით გააჭენ-გამოაჭენოს,მაგრამ,მადლობა ღმერთს,თვითონ არის ისეთი ფაქიზი და ფეთიანი,ყველა ნაძირალას არ იჯენს ზურგზე.მხოლოდ ღირსეულებს თუ შეიჯენს ხოლმე და იმათაც თუ დაკარგეს ზომიერების გრძნობა,გადმოაგდებს და ძირს დაანარცხებს.ბევრი მინახავს ასეთი…” (ავტორი გენია.ჯი)