ემილ ფრანსუა ზოლას “იდუმალი გარდაცვალების ისტორია”
დიდი ფრანგი მწერალი,პუბლიცისტი,ნატურალიზმის ლიტერატურული მიმდინარეობის თვალსაჩინო წარმომადგენელი და პოლიტიკური მოღვაწე - ემილ ფრანსუა ზოლა (1840-1902 წლები),მეუღლესთან – ალექსანდრა მელისთან ერთად,1902 წლის 28 სექტემბერს პარიზში მდებარე ბრიუსელის ქუჩაზე განთავსებულ ბინაში უგონო მდგომარეობაში აღმოაჩინეს.სასწრაფოდ გამოძახებულმა მედიკოსებმა ემილის გადარჩენა ვერ მოახერხეს,ხოლო ალექსანდრას გონზე მოყვანა ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ მოხერხდა (აღნიშნული მოვლენის შემდეგ,მან 23 წელიწადი იცოცხლა).ექსპერტთა დასკვნების მიხედვით,ცოლ-ქმრის უგონო მდგომარეობაში ჩავარდნის მიზეზი – მხუთავი აირი გახდა.შემთხვევით თუ შეგნებულად,მათ სახლში განთავსებული აირის გამწოვი საკვამური ისე იყო დაზიანებული,რომ მთელი ნამწვავი სახლში გროვდებოდა.როგორც არაოფიციალური მონაცემებიდან ირკვევა,აირის გამწოვი საკვამური,პოლიციის მისვლისას უკვე სრულიად გასუფთავებული იყო,თუმცა ვინ და რისთვის გაწმინდა იგი,საიდუმლოებით იყო მოცული. (ავტორი გენია.ჯი) ერთი რამ კი ცხადი გახლდათ: ეს ყოველივე დანაშაულის ფაქტის დასაფარად იყო გამიზნული.გარდა ამისა არსებობდა კიდევ არაერთი შეკითხვა.ტრაგიკულ ფაქტამდე რამდენიმე ხნით ადრე,ემილ ზოლამ ფრანგულ ყოველდღიურ გაზეთში – “ორორ”-ში,გამოაქვეყნა ღია წერილი საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის – ფელიქს ფორისადმი,რომლის სათაურიც გახლდათ: “ბრალს ვდებ!” აღნიშნულ წერილში იგი ბრალს სდებდა საფრანგეთის მთავრობას ანტისემიტიზმსა და ებრაული წარმომავლობის მქონე ფრანგი არტილერიის ოფიცრის – ალფრედ დრეიფუსის ციხეში უკანონოდ ჩასმაში.ემილ ზოლას წერილი გაზეთის პირველივე გვერდზე დაიბეჭდა და უზარმაზარი აჟიოტაჟი გამოიწვია როგორც საფრანგეთში,ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთაც.სტატიის გამოქვეყნებიდან მალევე,მას ბრალი ცილისწამებაში დასდეს და იმისათვის,რომ არ დაეჭირათ ინგლისში გაიხიზნა.სამშობლოში დაბრუნების საშუალება კი,მხოლოდ 1899 წელს,მას შემდეგ მიეცა,რაც “დრეიფუსის საქმის” ორი მთავარი ფიგურიდან ერთმა – პოლკოვნიკმა ანრიმ სიცოცხლე სუიციდით დაასრულა,ხოლო მეორემ – მაიორმა ესტერგაზიმ ქვეყნიდან გაქცევით უშველა თავს.
ოფიციალური ვერსიის თანახმად,ემილ ფრანსუა ზოლა დაზიანებული საკვამურიდან გამომავალ მხუთავ აირს ემსხვერპლა და შესაბამისად,ტრაგიკული ფაქტი – “უბედურ შემთხვევად” დაფიქსირდა,თუმცა მოსახლეობას ამაში დიდი ეჭვი ეპარებოდა და მის მკვლელობაში საფრანგეთის რესპუბლიკის ხელისუფლებას ადანაშაულებდა.
1927 წელს,ზოლას გარდაცვალებიდან 25 წლის შემდეგ,სასულიერო პირს,რომელიც ერთ-ერთ მომაკვდავ პარიზელთან აღსარების ჩასაბარებლად მივიდა,რომლისგანაც გამაოგნებელი აღიარება მოისმინა:
” – მეგობართან ერთად სახლების საკვამურებს ვწმენდდი,როდესაც სრულიად შემთხვევით გავიგეთ რომ,ერთ-ერთ იმ სახლში,სადაც ვმუშაობდით,ებრაელების გულმხურვალე მხარდამჭერი და ცნობილი ადამიანი – ემილ ფრანსუა ზოლა ცხოვრობდა.ზოლას,ებრაელთა აქტიური დაცვა ჩვენში დიდ გაღიზიანებას იწვევდა და გადავწყვიტეთ იგი მოგვეკლა.ამ მიზნით კი,მისი სახლის საკვამური ხრეშითა და სხვა სამშენებლო მასალით ამოგვექოლა.ღამით,ჩანაფიქრი სისრულეში მოვიყვანეთ.დილით,უთენია კი,სანამ პარიზს ეძინა,საკვამური გავწმინდეთ და კვლავ ჩვეულებრივ მდგომარეობას დავუბრუნეთ.ამ დროისათვის ემილ ზოლა უკვე გარდაცვლილი იყო”.
მიუხედავად საკვამურის მწმენდავის სკანდალური აღიარებისა,დიდი ფრანგი მწერლის – ემილ ფრანსუა ზოლას საქმე აღარ გადახედილა და მისი გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად,დღემდე “უბედური შემთხვევა” სახელდება. (ავტორი გენია.ჯი)