იან ვან ეიკი
იან ვან ეიკი – დაიბადა დაახლოებით 1385 ან 1390 წლებში ბელგიის პროვინცია ლიმბურგში მდებარე ქალაქ მაასეიკში (ფლანდრიის ნაწილი). იგი წარმოადგენდა აღორძინების ეპოქის ერთ-ერთ უდიდეს ფლამანდრიელ ფერმწერს, პორტრეტების შესრულების ვირტუოზსსა და ერთ-ერთ პირველ მხატვარს, რომელმაც სახვით ხელოვნებაში პირველმა გამოიყენა ზეთის საღებავებით სურათების დახატვის ტექნიკა. (ავტორი გენია.ჯი) სახვითი ხელოვნების სათავეებს,მისი უფროს ძმასთან და გამოჩენილ მხატვართან – ჰუბერტ ვან ეიკთან ეზიარა,რომელთანაც 1426 წლამდე იმუშავა.პირველი დოკუმენტები,სადაც იან ვან ეიკია მოხსენიებული 1422 წლით თარიღდება. ამ პერიოდისათვის იგი უკვე საკმაოდ სახელოვანი მხატვარი გახლდათ. მოგვიანებით, მოღვაწეობა ჰააგაში, ნიდერლანდელი გრაფის – იოანე ბავარიელის სასახლის კარზე დაიწყო და იმთავითვე უდიდესი პოპულარობა მოიპოვა. იოანეს გარდაცვალების შემდგომ, ნიდერლანდები დატოვა და ფლანდრიაში გადავიდა. 1425 წლის გაზაფხულზე იან ვან ეიკი ბრიუგეში ჩავიდა და ბურგუნდიელი ჰერცოგის – ფილიპე III კეთილის სასახლის კარზე განაგრძო მოღვაწეობა. მისმა გენიალურმა სამხატვრო ნიჭმა ჰერცოგის დიდი აღფრთოვანება გამოიწვია და იგი მის ერთ-ერთ უსაყვარლეს მხატვრადაც იქცა. რიგი ისტორიული დოკუმენტების ცნობების თანახმად, იან ვან ეიკი ფილიპეს კარზე დიდი პატივით, მთელი რიგი პრივილეგიებითა და განუზომელი უფლებებით სარგებლობდა. გარდა ამისა, ცნობილია, რომ ფილიპე უხვად უხდიდა მხატვარს შესრულებული სამუშაოების სანაცვლოდ. იან ვან ეიკი 1425 წელს საფრანგეთის ქალაქ ლილში გაემგზავრა. 1427 წელს ბელგიურ ქალაქ ტურნეში ყოფნისას,გაწევრიანდა ადგილობრივ მხატვართა გილდიაში. 1427-1428 წლებში,ჰერცოგი ფილიპეს ელჩების შემადგენლებასთან ერთად იმყოფებოდა ესპანეთსა და პორტუგალიაში, სადაც მოლაპარაკება უნდა გაემართათ ქვრივი-ჰერცოგისა და პორტუგალიელი პრინცესის – იზაბელას ქორწინების საკითხებზე. წარმატებული მისიის პერიოდში იან ვან ეიკმა ჰერცოგის საცოლის ორი პორტრეტი შექმნა და ისინი ფილიპეს საჩუქრად გაუგზავნა. 1430 წელს,გენიალური მხატვარი საქორწინო კორტეჟთან ერთად,ფლანდრიაში ვალმოხდილი დაბრუნდა. 1431 წელს გენტსა და ლილში იმუშავა.როგორც ვარაუდობენ გენტის უნიკალური ტაძრის საკურთხეველის მოხატვა უფროს ძმასთან – ჰუბერტთან ერთად 1422 წელს დაიწყო, თუმცა მისმა უფროსმა ძმამ სამუშაოს დასრულება გარდაცვალების გამო ვერ მოახერხა. ზემოაღნიშნული საკურთხეველი იანმა უმცროს ძმასთან ერთად საბოლოოდ 1432 წელს სრულყო. 1430-იან წლებში იან ვან ეიკი სახლის ყიდვიდან მალევე – დაქორწინდა. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მისი პირველი შვილი (სულ ათი შვილი ჰყავდა) თავად ფილიპემ მონათლა და საჩუქრად ექვსი ძვირფასი ვერხლის თასიც უსახსოვრა. ამავე პერიოდიდან ხელოვანი კიდევ უფრო აქტიურად დაკავდა სამხატვრო ხელოვნებით და შექმნა ისეთი შედევრები,როგორებიცაა – “ტიმოთეა”, “მადონა ყრმით”, “წმინდა ფრანცისკის სტიგმატები”, “იუველირის პორტრეტი”, “წმინდა ბარბარა”, “ქრისტეს პორტრეტი” და სხვა. სულ იან ვან ეიკმა მისი ცხოვრების მანძილზე 100-ზე მეტი რელიგიური სიუჟეტის მქონე ნამუშევარი დახატა. მოგვიანებით, იანი ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ბრიუგეში გადავიდა, სადაც 1441 წლის 9 ივლისს გარდაიცვალა. იგი დაკრძალულ იქნა ქალაქ ბრიუგეში მდებარე წმინდა დომიციანის სახელობის ტაძრის ეზოში. თუმცა გარდაცვალებიდან ერთი წლის გასვლის შემდგომ, ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა მოახერხეს და მისი ცხედარი თვითონ ტაძარში დაკრძალეს. იან ვან ეიკის მიერ შექმნილი შედევრები კი დღემდე ამშვენებენ მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმებსა და სამხატვრო სალონებს. (ავტორი გენია.ჯი)
იან ვან ეიკის გენიალური შემოქმედება