გრიგოლ რობაქიძე – “მიმართვა ქართველ ხალხს”
“ქართველნო! გეხსომებათ ბაბილონური აღრევა ენათა ირგვლივ 1950 წელს მოსკოვში.დისკუსანტებს მოჰყავდათ ფორმულა ენისათვის,ენგელსის მიერ მონახული: “საშუალება ურთიერთშორის გაგებისა”.თითქო პირუტყვთ არ შეეძლოთ გაგება ერთიმეორისა! ამ ფორმულას ურთავდნენ მინამატს სტალინისა: “…და ბრძოლისა”,თითქო იმავე პირუტყვთ არ შეეძლოთ უსიტყვოდ წარმოება ბრძოლისა! ენა აქვს მხოლოდ იმ არსს,რომელიც აზროვნებს,პირუტყვთ არ აქვთ აზრი,არც სჭირდებათ: ცოდნა ყოფისა და ცოდნა თვითონ მათთვის ერთი და იგივეა.ეალერსება,მაგალითად,ფაშატი დედა კვიცს.მან იცის ალერსი აქტში ალერსისა.ჩვენ კი,მეტყველთ,შესაძლოა გვქონდეს აზრი ალერსზე,თვითონ ალერსი კი არა.აქაა ზღვარი მეტყველთა და პირუტყვთა შორის.ასეთი გაგება ენისა ბოლშევიკების მიერ მოწმობს იმას,რომ უკანასკნელთ არ ესმით,თუ რა არის ხალხი,ანუ უკეთ: არა სწამთ იგი! ენა აზროვნებს: აზროვნებს ბევრად უფრო ღრმად,ვიდრე ცალკეული პიროვნება,თუგინდ,გენიალური.ათას მაგალითებიდან მხოლოდ ერთი: იტყვის რომელიმე მემატიანე – “დავით აღმაშენებელმა განამტკიცა ხელმწიფება საქართველოსი”; ამავე დროს,მიმართავს რომელიმე დიასახლისი თავის გოგონას,”შვილო,ფქვილი გამტკიცე”.აქ პირველ შემთხვევაში “მტკიცება” იგულვებს “გამაგრებას”,მეორე შემთხვევაში – “გაწმენდას”.გამოდის,რაც მტკიცე არის,ის წმინდაა და რაც წმინდაა – მტკიცე,ვინ გაიაზრა ეს? ყველა ჩვენგანს ენა უკვე ქმნილი ხვდება წინ.მოაზრე აქ ხალხია თვითონ: კრებული პიროვნება,თავისებური არსით; არც ერთ ხტილში თავის ისტორიული ვითარებისა ხალხი არაა მოცემული ‘მთლად”,ხოლო ყოველნი იგივე “ერთეულია”.სხვა იყო საქართველო,მეთხუთმეტე საუკუნეში,სხვაა იგი მეოცეში.გარნა იგი იქაც და აქაც საქართველოა,როგორც ერთი და იგივე არსი კრებული ბუნებისა.ბოლშევიკებისთვის კი ხალხი მხოლოდ ამა თუ იმ დროს სტატისტიკურად აღრიცხული “გროვაა” ცალკეულთა.ამავე დროს,ცალკეულს ამ გროვაში მხოლოდ “ნუმერული” ფასი აქვს.ბერია,ერთხანად ძლევამოსილი,ქრება უეცრად; მეტი: სახსენებელიც ითხრება მისი.დღეს თუ ეს ემართებათ ბერიებს,რას უნდა ელოდნენ უბრალო მოქალაქენი? ჩაუკვირდით,თანამემამულენო,ამ მოვლენას საარაკოს.ყოველი ხალხი რომელიმე განსაკუთრებული სახით აცნაურებს მსოფლიოს.სხვაა ჰომეროსის სამყარო,სხვაა რუსთაველისა,სხვაა გილგამეშისა,სხვაა ჰინდუსთა,ამიტომ ყოველი ნამდვილი კულტურა ინდივიდუალურია.რამდენად ინდივიდუალურია კულტურა,იმდენადვე უნივერსალურია იგი.შეეკრებიან,მაგალითად,ზემოხსენებული სამყარონი ერთიმეორეს,იხილავენ ერთიმეორეში მთელს სამყაროს.იხილავენ,ვინაიდან თითოეული მათგანი,თუმცა ერთი სახით,აცნაურებს მსოფლიოს.იმავე დროს,ასარკულად ამჩნევს უკანასკნელს,როგორც მთელს.საბჭოეთში კულტურას სტალინის ფორმულით მართავენ: “ფორმით ნაციონალური,შინააარსით სიციალისტური”.არ ესმით ჭკუამყოფელთ,რომ ყოველი შინაარსი თავისგანვე ქმნის თავის გარსს,გარე არსს,სახეობას,ფორმას.კულტურა ფორმით ნაციონალური და შინაარსით სოციალისტური,არც ინდივიდუალურია და არც უნივერსალური.მას არ აქვს შინაგანი პლასტიკური სხვაობა და, ამრიგად,სახე,სახიერება.იგი კულტურაა ანონიმისა.შეადარეთ,მაგალითად,რომელიმე ნაქმი რუსული ჩვენი დროისა რომელიმე ქართულ ნაქმს: გეგონება,თითქოს თარგმნილნი იყვნენ ერთიმეორისაგან.დედანი? ორიგინალი? თანამემამულენო,ბოლშევიზმი ხრწნის შინაგან ხალხს და ამყარებს ფსევდოკულტურას.ქართველთა კულტურა,ასე ინდივიდუალური და ეგზომ უნივერსალური,ქართველი ერის წიაღიდან უნდა აგრძელებდეს თავის ვითარებას.წვდით ცოცხალ ფესვებს საქართველოისა: მის გენიალურ ენას,მის უნივერსალურ მითოსს,მის ჰეროულ თავგადასავალს,მის ხალას სტილს სიცოცხლისა; წვდით ამ ფესვებს და ფესვები არწივის ფრთებად აგესხმით და ამ გზით მოიპოვებთ თავისუფლებას.თავის-უფალი,გესმით,რა გულისხმიერი სიტყვაა?! მარჯი საქართველოს,თავის თავის უფალს!
მზეგრძელი იყავ საქართველო!” (ავტორი გენია.ჯი)