ანდრეა დელ ვეროკიო – “ქრისტეს ნათლისღება”

“ქრისტეს ნათლისღება” – წარმოადგენს აღორძინების ეპოქის გენიალური იტალიელი მხატვრის,მოქანდაკისა და ლეონარდო და ვინჩის ერთ-ერთი მასწავლებლის - ანდრეა დელ ვეროკიოს (1436-1488 წლები) მიერ ხის დაფაზე ზეთის საღებავებით შესრულებულ რელიგიური სიუჟეტის მქონე “შედევრ სურათს”. (ავტორი გენია.ჯი) მხატვარმა ტილოზე მუშაობა 1472 წელს დაიწყო და დაახლოებით სამი წლის გასვლის შემდეგ,ანუ 1475 წელს დაასრულა.აღნიშნული სურათის დახატვა ვეროკიოს,ფლორენციაში მდებარე სან-სალვის ბენედიქტელთა მონასტერის ვალომბროზიანული ორდენის წევრებმა შეუკვეთეს.ტილოზე ასახულია ახალი აღთქმის ერთ-ერთი უმთავრესი საიდუმლო – იესო ქრისტეს ნათლისღება,რომელიც განხორციელდა მდინარე იორდანეში – იოანე ნათლისმცემლის მიერ.

როგორც ცნობილია,აღნიშნული სურათის ძირითადი ნაწილი ანდრეა დელ ვეროკიოს მიერ არის შესრულებული,თუმცა ზოგიერთი დეტალი,მათ შორის პეიზაჟის ელემენტები და მარცხნივ გამოსახული ანგელოზი,მხატვრის საუკეთესო მოსწავლის – ლეონარდო და ვინჩის მიერ იქნა დახატული.სპეციალისტთა და კრიტიკოსთა ნაწილი კი მიიჩნევს,რომ მეორე ანგელოზი გენიალური იტალიელი მხატვრის – სანდრო ბოტიჩელის მიერ იქნა შესრულებული,თუმცა ეს ზუსტად დადგენილი არ არის.ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული ლეგენდის თანახმად,რომელსაც “მასწავლებელზე გამარჯვებად” მოიხსენიებენ,ანდრეა დელ ვეროკიომ ხატვას მას შემდეგ გაანება თავი,რაც თავისი შეგირდის (ლეონარდო და ვინჩის) საოცარი ოსტატობით მოიხიბლა. 1530 წლამდე,სურათი სან-სალვის ბენედიქტელთა მონასტერში იყო წარმოდგენილი.დღესდღეობით კი,ანდრეა დელ ვეროკიოს შედევრი სურათი – “ქრისტეს ნათლობა” დაცულია იტალიის ქალაქ ფლორენციაში მდებარე საყოველთაოდ ცნობილ – “უფიცის გალერეაში”. (ავტორი გენია.ჯი)