უილიამ შექსპირი – “სონეტი XLIII”

თვალებს დავხუჭავ,რადგან ვიცი,ფუჭად ვირჯები,

შენს ძებნაში რომ ვეურჩები დროის დინებას,

ჩემს წუთისოფელს სიზმარეთში გავემიჯნები

და იქ ვიხილავ მაგ მშვენების ამობრწყინებას.

***

იქ შენი ჩრდილიც დამიჩრდილავს ღამეულ ხილვას,

იქაც დამხვდება მე ეს ნატვრა სააქაოსი,

რომ დაემგზავრო სიზმრებიდან მოვლენილ დილას

და სამზეოშიც დამიამო ვნების ქაოსი!

***

რომ ჩემთვის იყო მაცოცხლებელ სხივთა მხლებელი,

რომ დღის სინათლეს დაემადლო დიდი პატივით,

რომ მიცვალებულ ზმანებათა საბრძანებელი

აღარ მიპყრობდეს საპაემნოდ ანდამატივით.

***

ნეტავი ღამეს დილის ვალი აღარ ეხადოს

და შენი სახე მზის ქვეშეთშიც გამომეცხადოს…