სოკრატეს “გენიალური პასუხი” კრიტონს…
მას შემდეგ,რაც გენიალურ ძველბერძენ ფილოსოფოსს – სოკრატეს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს,მის გადასარჩენად ერთუსლოვნად დაირაზმნენ მისი მეგობრები,მოწაფეები და ზოგადად – კეთილისმსურველები.ცნობილია,რომ არც ერთი მათგანი არც თავს ზოგავდა და არც ფულს,რომ,როგორმე კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ფილოსოფოსი სიკვდილის კლანჭებისაგან გამოეხსნათ.სოკრატეს უდიდეს გულშემატკივრებს შორის იყო მისივე სიყრმის მეგობარი,გავლენიანი მეზობელი და სიმდიდრით ცნობილი მოწაფე – კრიტონი. (ავტორი გენია.ჯი) გავრცელებული ცნობის თანახმად,კრიტონს დილაუთენია შეუღწევია საპყრობილეში და თავს დასდგომია ტკბილად მძინარე სოკრატეს.მან,მეგობრის გამოღვიძებას დიდსულოვნად დაელოდა და როდესაც გაიღვიძა,შეძრწუნებულმა ამცნო,რომ სიცოცხლის წუთები უკვე დათვლილი იყო.სასიკვდილოდ განწირული სოკრატე აღნიშნულ ინფორმაციას არ შეუშფოთებია.კრიტონს კი უძვირფასესი მეგობრის დასახსნელად არაფერი ენანებოდა და კიდევ ერთხელ შეეცადა იგი გაქცევაზე დაეყოლიებინა:
” …ახლა მაინც დამიჯერე,ჩემო ძვირფასო სოკრატე, და ნება მიბოძე გადაგარჩინო.შენ თუ მოკვდები,მარტო ერთი უბედურება კი არ დამატყდება თავს,რასაც ჰქვია უძვირფასესი მეგობრის დაკარგვა,რომლის ბადალსაც ვეღარასდროს შევიძენ.არა,ყველა,ვინც კარგად არ გვიცნობს მე და შენ,იმას იფიქრებს,რომ თავი არ შევიწუხე მეგობრის გადასარჩენად,თუმცა შემეძლო კი გადამერჩინე,თუ არ ვიძუნწებდი და ფულს არ დავინანებდი.ხოლო ვისი სირცხვილი შეედრება იმ კაცის სირცხვილს,ვისზედაც ფიქრობენ,რომ მან ფული არჩია მეგობარს? მოდი და დააჯერე ხალხი,რომ,ჩვენი თავგამოდებული მცდელობის მიუხედავად,შენ თვითონ არ მოისურვე აქედან გაქცევა.სირცხვილით სადღა გამოვყო თავი,თუკი შენც მარცხვენ,ჩემი თავიც და ჩემი მეგობრებიც; თუ შენს სიკვდილს ყველა ჩვენს სულმოკლეობას მიაწერს და ბრალად დაგვდებს,ჯერ ერთი,იმას,რომ საქმე სასამართლომდე მივიდა,თუმცა შეიძლებოდა არც მისულიყო; მეორეც,იმას,როგორ გაირჩა იქ, და ბოლოს,ყველაფრის გათახსირებას და სამარცხვინო დაგვირგვინებას, – ამ უსამართლო განაჩენისაც? მართლაცდა,ხომ შეიძლება კაცმა იფიქროს,რომ ყველაფერი ჩვენი სიმხდალისა და სულმოკლეობის გამო მოხდა; რომ არც ჩვენ გადაგარჩინეთ და არც შენ გადაირჩინე თავი,თუმცა გადარჩენა დიახაც შეიძლებოდა,თუკი რამედ ვივარგებდით და ცოტა ფხას გამოვიჩენდით.მაშ,დაფიქრდი,სოკრატე,შენი სიკვდილით სირცხვილი არ ვჭამოთ; კარგად აწონ-დაწონე ყველაფერი,თუმცა რაღა დროს აწონ-დაწაონაა,ახლავე უნდა გადაწყდეს საქმე.გადაწყვეტილება კი მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს: ამაღამ ყველაფერი უნდა აღსრულდეს.საკმარისია ცოტაც დავაყოვნოთ და ვეღარაფერი გვიხსნის.გემუდარები,ნუ უარყოფ ჩემს თხოვნას და თავს ნუ დაიღუპავ”.
სასიკვდილოდ განწირულმა გენიალურმა სოკრატემ,მეგობარს დიდი გულისყურით მოუსმინა და შემოთავაზებულ წინადადებაზე უარი შემდეგი სიტყვებით უთხრა;
” – გიმნასტი,რომელიც ექიმს ან გიმნასტიკის მასწავლებელს კი არ უგდებს ყურს,არამედ უვიცთა რჩევით ადგენს,რა არის მისი ჯანმრთელობისათვის სასარგებლო ან საზიანო,უთუოდ ვნებს საკუთარ სხეულს. (ავტორი გენია.ჯი) ზუსტად ასევე,თავისსავე სულსა ვნებს ის,ვინც განუსჯელად არღვევს სამართლიანობის მოთხოვნებს. და თუ სიცოცხლეს საპყარი და სახიჩარი სხეულით ჩალის ფასი აქვს,რამდენად უფრო უფასურია უსამართლობით შებღალული სულის სიცოცხლე.ამრიგად,ჩემო ძვირფასო მეგობარო,ის კი არ უნდა გვადარდებდეს,რას იტყვის ჩვენზე ბრბო,არამედ ის,თუ რას იტყვის კაცი,რომელსაც ესმის,რა არის სამართლიანი და რა – უსამართლო,დიახ,მხოლოდ ეს ერთი კაცი და კიდევ თვით ჭეშმარიტება.მაშასადამე,შენ,უწინარეს ყოფლისა,ცდები,როცა ამტკიცებ,თითქოს სამართლიანზე,მშვენიერზე,კეთილზე და ყველა მათ საპირისპიროზე მსჯელობისას მხოლოდ ბრბოის აზრს უნდა ვუწევდეთ ანგარიშს.
სამართლიანობა – აი,ერთადერთი კრიტერიუმი,რომლითაც იზომება ზნეობრივი ქცევის სიწრფელისა თუ სიმრუდის,სიკეთისა თუ უკეთურების ხარისხი.ამიტომ ფუჭია ერთგული მეგობრების ხვეწნა-მუდარა,სასაცილოა უპრინციპო უმრავლესობის,უსახო და უპიროვნო ბრბოის მითქმა-მოთქმა,გაუმართლებელია ცოლ-შვილზე ზრუნვა,მიუღებელია თავის გადარჩენის ყოველგვარი ცდა,თუკი ამას მსხვერპლად ეწირება სამართლიანობა: მაშ,ასე,ჩვენი შეთანხმების საფუძველზე უნდა განვიხილოთ,რამდენად სამართლიანი იქნება ჩემი აქედან გაქცევის ცდა,მიუხედავად იმისა,რომ ათენელები ამის ნებას არ გვრთავენ, და თუ სამართლიანი აღმოჩნდა,ვცადოთ გაქცევა,თუ არადა,ხელი ავიღოთ ამაზე.ხოლო შენი მსჯელობა,კრიტონ,ფულის ხარჯვის,კაცთა აზრებისა და ბავშვთა აღზრდის შესახებ,არსებითად,სხვა არა არის რა,თუ არა ბრბოის აზრი,ბრბოისა,რომელიც,მისი ნება რომ იყოს,განუსჯელად და განუკითხავად მოკლავდა კაცს,რათა შემდგომ მკვდრეთით აღედგინა იგი.ჩვენ კი,საკუთარი განსჯის თანახმად,უნდა განვიხილოთ მხოლოდ ის,რასაც ახლახან ვამბობდით: სამართლიანად მოვიქცევით,თუ ფულს შევთავაზებთ ჩემს აქედან გამპარებელს და ზედ მადლობასაც მივურთავთ,მართალნი ვიქნებით გამპარებელნიც და გაპარებულიც,თუ,პირიქით,ფეხქვეშ გავთელავთ სამართლიანობას ჩვენი უკანონო ქცევით? ხოლო თუ აღმოჩნდა,რომ ასეთი ცდა უსამართლოა,მაშინ ჯანდაბას სიკვდილიც და სხვა განსაცდელიც,აქ უნდა დავრჩეთ გულხელდაკრეფილნი და უდტრვინველად შევხვდეთ აღსასრულს,რადგანაც მთავარია უსამართლობით არ წავიბილწოთ სული.
ადამიანი,არისტოტელეს სიტყვებით რომ ვთქვათ,საზოგადოებრივი ცხოველია,ხოლო არავითარი საზოგადოება არ არსებობს კანონების გარეშე,რომლებსაც თითქოს დედის რძესთან ერთად იწოვს და ისისხლხორცებს საზოგადოების უკლებლივ ყველა წევრი.კანონები უდევს საფუძვლად ქორწინების წმინდათაწმინდა აქტს,კანონების თანახმად ეყრება საფუძველი ოჯახს,კანონები განაპირობებენ და წარმართავენ მოზარდი თაობის აღზრდას,კანონები მზრუნველი ძიძასავით არწევენ ყოველი მოქალაქის აკვანს.კანონთა სამართლებლივი ძალმოსილება აბსოლუტურია და უპირობო.მოქალაქისა კი – ფარდობითი და პირობითი.ერთის მხრივ,სახელმწიფოსა და მის კანონებს,ხოლო მეორეს მხრივ,მოქალაქეს შორის დასაბამითვე იდება ერთგვარი დაუწერელი ხელშეკრულება,რომლის დარღვევაც უფრო მიუტევებელ დანაშაულად ითვლება,ვიდრე დედ-მამის გმობა,მათ მიმართ შვილის მარადიულ მოვალეობაზე ხელის აღება.სამართლიანობის დარღვევა დაუშვებელია,ამიტომ უკლებლივ ყველა მოქალაქეს მართებს მისი მოთხოვნილების აღსრულება.სამშობლოსა და მშობლიური კანონების ღალატი მშობლების ღალატზე უფრო მძიმეა.
სამშობლო დედაზე,მამაზე და ყველა სხვა წინაპარზეც უფრო ძვირფასია,უფრო წმინდა,უფრო საყვარელი და, როგორც ღმერთის,ისე კაცის თვალშიც,უფრო მეტი თაყვანისცემის ღირსი; ჩვენ ვგულისხმობთ,ცხადია,გონიერ კაცს.ამიტომ მის მიმართ უფრო მეტი მოწიწება,მეტი მორჩილება გვმართებს,ხოლო თუ გაგვირისხდა,უფრო მეტად უნდა დავუთმოთ და დავუყვავოთ,ვიდრე მშობელ მამას; ან უნდა გადავარწმუნოთ იგი,ანდა უყოყმანოდ შევასრულოთ მისი ბრძანება, და თუ რაიმეს მოგვისჯის,უდრტვინველად შევეგებოთ სასჯელს – ბორკილებს,გვემას,შეჩვენებას და, ბრძოლის ველზე – მის მიერ საომრად წარგზავნილნი – სასიკვდილო ჭრილობებს და თვით სიკვდილსაც.დიახ,ყველაფერს უნდა გავუძლოთ,სწორედ ესაა სამართლიანობა; არ შეიძლება უკან დახევა,თავის არიდება და მწყობრში შენი ადგილის თვითნებურად მიტოვება.ომში იქნება,სამსჯავროში თუ სადაც გნებავთ,ყველგან უყოყმანოდ უნდა შევასრულოთ სამშობლოსა თუ სახელმწიფოს ბრძანება,ანდა შევაგნებინოთ მას,რას ნიშნავს ჭეშმარიტი სამართლიანობა,ხოლო ძალადობა დედის,მამის და, მით უმეტეს,მამულის მიმართ – მკრეხელობაა”. (ავტორი გენია.ჯი)