უილიამ შექსპირი – “სონეტი LXXII”
თუ გამოგკითხეს,ჩემში რა და რატომ გიყვარდა,
თუ გამიხსენეს,ამქვეყნად რომ აღარ ვიქნები,
გიჯობს,საფლავში მომადევნო ავი სიტყვა და
სჯობს,თუ მოყვარე ჩემს მოძულედ გარდაიქმნები.
***
გიჯობს,სხივებით არ შეამკო მწირი სინათლე,
საზრდო არ მისცე მითქმა-მოთქმის მსუნაგ მსახურებს,
ჩვენი წარსულის დავიწყებით თავი იმართლე,
თუ ჩემი ხსოვნა ლამაზ ტყუილს დაიმსახურებს.
***
გიჯობს,სიტყვები არ შენიღბო ტრფობის გამხელით,
არ დაეხარბო სიყვარულის მაცდურ არაკებს…
სჯობს,გვამთან ერთად დაიმარხოს ჩემი სახელიც
და ჩვენს აუგზე აღარავინ ილაპარაკებს.
***
თუკი ამქვეყნად შერცხვენილმა უნდა ვიარო,
სჯობს,ჩემთან ყოფნა არასოდეს გაიზიარო..