“ჰაკას” ისტორიიდან…
გადმოცემების თანახმად,დაახლოებით ათასი წლის წინათ ახალი ზელანდიის ნაპირებს შვიდი ის კანოე მიადგა,რომლთა ბორტებზეც აღმოსავლეთ პოლინეზიელი ხალხი იმყოფებოდა.როგორც ლეგენდებშია გავრცელებული,ისინი ახალ ზელანდიას მითიური მიწიდან – ჰავაიუკიდან ეწვივნენ.მათივე მითოლოგიით – ჰავაიუკი აღმოსავლეთ პოლინეზიელების სამშობლოს წარმოადგენდა. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ ისინი გახლდნენ ამ ულამაზესი კუნძულოვანი ქვეყნის პირველი ბინადრები,საიდანაც ჩამოყალიბდა და სათავე აიღო კიდეც მსოფლიო საკაცობრიო ისტორიის ერთ-ერთმა უნიკალურმა – მაორების კულტურამ.ისინი დიდებულად შეერწყნენ მათ ირგვლივ გამეფებულ ადგილობრივ ბუნებას.ცნობილია,რომ აღმოსავლეთ პოლინეზიელები იმთავითვე საკმაოდ კარგი მეომრები იყვნენ.საბრძოლო ხელოვნებას ისინი დღითი-დღე კიდევ უფრო ხვეწდნენ ბრძოლებში.პირველი ევროპელები,რომელთაც მაორების საბრძოლო გამოცდილება საკუთარ თავზე იწვნიეს გახლდნენ უდიდესი ნიდერლანდელი მეზღვაური,მკვლევარი და ვაჭარი – აბელ იანსზონ ტასმანი და ინგლისელი მკვლევარი და მოგზაური – კაპიტანი ჯეიმზ კუკი.ახალ ზელანდიაში მაცხოვრებელმა აბორიგენმა მაორებმა დროთა განმავლობაში ბევრი ტრადიციული რამ დაივიწყეს,თუმცა არ დავიწყებიათ,მათი კულტურისათვის დამახასიათებელი უმნიშვნელოვანესი ატრიბუტი (რიტუალი) – “კაპა ჰაკა”.ასეთივე ტერმინით მოიხსენიებდნენ იმ მაორ მებრძოლებს,რომლებიც “კაპა ჰაკას” ასრულებდნენ.მაორების ლეგენდების თანახმად,ჰაკა გამოიგონა ტანერორემ,რომელიც თავის მხრივ მზის ღმერთის – რას და ზაფხულის ქალღვთაების ჰინე-რაუმატის ვაჟი გახლდათ.იმთავითვე,აღნიშნულ ცეკვას დედამიწაზე ცხელი ჰაერის ვიბრაციად აღიქვამდნენ.თავად სიტყვა – ჰაკას,პოლინეზიური ფუძე აქვს და “სიმღერის ფონზე ცეკვას” აღნიშნავს.სხვადასხვა რიტუალების შესრულების დროს,მაორები ცეკვავდნენ,მღეროდნენ და სახეზე იღებდნენ ორიგინალურ მიმიკებს.პირველი – “ჰაკა”,მაორმა მეომრებმა ჯერ კიდევ რამდენიმე ასეული წლის წინათ შეასრულეს: ყოველი ბრძოლის წინ,შიშველი და ტატუირებული მაორები საშინლად დამთრგუნველი ჟესტებით,გადმოქაჩული თვალებით,გადმოგდებული ენით,ენერგიული მოძრაობებითა და ყვირილით,შიშის ზარს სცემდნენ მოწინააღმდეგეებს.მოგვიანებით,მისი შესრულება სამშვიდობო (ნადირობისა და საგვარეულო დღესასწაულებისას) და რელიგიური მიზნებითაც დაიწყეს.დროთა განმავლობაში,მაორი-მებრძოლების ტრადიციული ცეკვა – ჰაკა,ახალ ზელანდიაში ერთგავრ საზოგადოებრივ ატრიბუტად და სახელმწიფო ღონისძიებადაც კი ჩამოყალიბდა.ჰაკა ჯგუფური ცეკვაა და მას შეიძლება ერთდროულად ასრულებდეს რამდენიმე ასეული,ზოგჯერ კი რამდენიმე ათასი ადამიანიც კი,მათ შორის როგორც კაცები,ისე ქალები და ბავშვები.
დღესდღეობით,მაორების ტრადიციულ ცეკვას – ჰაკას,ახალ ზელანდიაში სხვადასხვა ვესრისები გააჩნია (არსებობს ჰაკას ხუთი სახესხვაობა).კერძოდ,არსებობს ჰაკა,რომელსაც ახალ ზელანდიელი სამხედროები ასრულებენ.გარდა ამისა,აღსანიშნავია ისიც,რომ “კაპა ჰაკას” არა მარტო მაორი მამაკაცები,არამედ ქალები და ბავშვებიც ასრულებენ.”ჰაკა” – მაორების არა მარტო ტრადიციულ რიტუალურ ცეკვასთან,არამედ ფიზიკური სიჯანსაღის კულტთანაც ასოცირდება.ქალების მიერ შესრულებულ ჰაკას,”პოი”-ს უწოდებენ.მაორი ქალების ცეკვა,მამაკაცების ცეკვასთან შედარებით ბევრად მშვიდი ხასიათით გამოირჩევა და მასში გამოყენებულია თოკებზე დამაგრებული ბურთებით ჟონგლიორობის ელემენტები.მიუხედავად სხვაობისა,ნებისმიერი ჰაკა ახალ ზელანდიაში დიდი პოპულარობითა და პატივით სარგებლობს.მაორები ჰაკას შესრულებისას იყენებენ - შუბს,საბრძოლო კვერთხსა და გრძელ და მოკლე ჯოხებს.ცეკვის დაწყების წინ ახალგაზრდა მონაწილენი ასრულებენ – ტუტუ ნგარაჰუს,ანუ ფიზიკური მზაობის დამადასტურებელ ვარჯიშს,რაც შეიცავს აკრობატულ ნომრებს,სიმაღლეში ხტომას და იარაღის ქნევას.ჰაკა ტარარაჰის წარმართავს ცეკვის ოსტატი,რომელსაც – კაეაეს უწოდებენ და სწორედ იგი კარნახობს მონაწილეებს მოძრაობის რიტმსა და პოზიციას.
ცნობილი ისტორიული ფაქტია,რომ მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას,ახალმა ზელანდიამ ერთ-ერთი თავისი საჯარისო შენაერთი აფრიკის კონტინენტზე გაგზავნა გერმანელ ფაშისტებთან საბრძოლველად.მას შემდეგ,რაც გერმანული ტანკები ახალი ზელანდიელების საბრძოლო პოზიციებისკენ დაიძრა,ფაშისტების გაოგნება გამოიწვია მათ წინააღმდეგ აღმართული ასეულობით შიშველი მაორის ხილვამ,რომლებმაც ბრძოლის დაწყების წინ – “ჰაკას” შესრულება დაიწყეს.”ველური აღტკინებით” შესრულებულმა “ჰაკამ”,გერმანელთა ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე იმდენად დამთრგუნველად იმოქმედა,რომ მიუხედავად დიდი საბრძოლო უპირატესობისა,ბრძოლა,ბრძოლის დაწყებამდევე წააგეს.
ახალ ზელანდიელებს რაგბი პირველად 1860-იანი წლების დასასრულს ჩარლზ ჯონ მონრომ გააცნო,რომელიც თავის მხრივ ერთ-ერთი ცნობილი ახალზელანდიელი პოლიტიკოსის ვაჟი გახლდათ.მან რაგბი,ლონდონის კრისტსის კოლეჯში სწავლისას გაიცნო. 1892 წელს მაორების ქვეყანაში ოფიციალურად ჩამოყალიბდა ახალი ზელანდიის სარაგბო ნაკრები. 1905 წელს ინგლისურმა ყოველდღიურმა გაზეთმა “Daili Mail”-მა,მას შემდეგ,რაც ახალი ზელანდიის რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა გაანადგურა ერთ-ერთი ინგლისური კლუბი,მათ – “All Blacks” უწოდა,რაც თარგმანით “აბსოლუტურად შავებს” აღნიშნავს.ახალმა ზელანდიელმა რაგბისტებმა “ჰაკა”-ს შესრულება ყოველი მატჩის წინ დაიწყეს და სულ მალე მსოფლიოს გააცნეს მათი კულტურისა და ტრადიციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სარიტუალო ცეკვა,რომელიც დღემდე უდიდესი პოპულარობით სარგებლობს.თავდაპირველად,”All Blacks”,ჰაკას ერთ-ერთ სახეობას – “კა მატეს” ასრულებდა,სადაც შემდეგი სიტყვები იყო მოყვანილი:
“Ka mate! Ka mate! Ka ora! Ka ora! Whiti te ra! – რაც თარგმანით აღნიშნავს: “ეს სიკვდილია! ეს სიკვდილია! (ან შესაძლოა – “მე მოვკვდები!”) ეს სიცოცხლეა! ეს სიცოცხლეა! (ან შესაძლოა – “მე ვიცოცხლებ!”) მზე ანათებს!
მოგვიანებით,ახალი ზელანდიის სარაგბო გუნდისათვის სპეციალურად დაიწერა,ცნობილი მაორი ბელადის – რაუპარაჰის მიერ 1820 წელს შექმნილი ჰაკას – “კაპა ო პანგოს” ბაზაზე არსებული ჰაკა,რომელსაც დღემდე ასრულებენ ისინი,ყოველი თამაშის წინ.თანამედროვე ჰაკაში ასახულია მაორების არა წარსული,არამედ თანამედროვე დიდება.მაორების ტრადიციული სარიტუალო ცეკვის - ჰაკას პოპულარობა,ახალი ზელანდიელი რაგბისტების ბრწყინვალე თამაშებმაც განაპირობა. XX საუკუნეში,სარაგბო სამყაროში მათ ბადალი ნაკლებად მოეპოვებოდათ და მოიგეს კიდეც ყველა დიდი სარაგბო ტურნირი,მათ შორის მსოფლიო თასი 1987 წელს. XXI საუკუნის დასწაყისში ახალი ზელანდიის სარაგბო გუნდს მცირეოდენი ჩავარნა ჰქონდა,თუმცა 2011 წელს,მათ ეს კრიზისი გადალახეს და მეორეჯერ მოიპოვეს მსოფლიო თასი.
“All Blacks”-ის მიერ შესრულებული ჰაკა,დღემდე იპყრობს მსოფლიო სტადიონებს და უმარავი თაყვანისმცემელიც ჰყავს.მაორების ექსპრესიული და თვითმყოფადი ცეკვის აღწერა და გადმოცემა ყოვლად შეუძლებელია და იგი საკუთარი თვალით უნდა იხილოს ადამიანმა. (ავტორი გენია.ჯი)