ნოდარ დუმბაძე – “ბავშვის როლი მშობლების აღზრდის საქმეში”
„მამებო! არ არის გამორიცხული, რომ რომელიმე თქვენგანის შვილი მიუახლოვდეს ბაბუას (თქვენს მამას) და ჰკითხოს:
- ბაბუ, მამაჩემს რომ ყელში ამოუხვედი და კისერზე დააჯექი, ბევრი გასეირნა?
- რას ამბობ, შვილო?!
- გუშინ მამამ დათიკო ბიძიას უთხრა, მომაშორე ეგ ბერიკაცი, თორემ ყელში ამომივიდა, სამი დღეა ჩემს კისერზე ზისო.
ბაბუას ჩიბუხი უვარდება ხელიდან, მამას კი აგონდება… როგორ კამათობდა ძმასთან, თუ ვინ უნდა არჩინოს ასი წლის მამა, რომელსაც დღეში ერთი მუჭა ჩაი და ერთი ნაჭერი პური ჰყოფნის.
ერთი ან რამდენიმე დღის შემდეგ მივა შვილი მამასთან და სერიოზულად ჰკითხავს:
- მამიკო, რატომ არ ღრუტუნებ?
- რატომ უნდა ვიღრუტუნო, შვილო?
- იმიტომ, რომ შენ ღორი ხარ. ასე თქვა ბაბუამ!
რა თქმა უნდა, ასეთი დიალოგის შემდეგ ბავშვს საგრძნობლად უწითლდება ყვრიმალები და ყურის ბიბილოებიც უსივდება, მაგრამ მამა მაინც უფიქრდება თავის საქციელს და გარკვეულ მუშაობას ატარებს გაღორებული ავტორიტეტის აღსადგენად.
დედებო! ძალიან ადვილი შესაძლებელია ანალოგიური ამბავი თქვენც დაგემართოთ: ერთ მშვენიერ დღეს მიუახლოვდეს თქვენი შვილი ბებიას (თქვენს დედამთილს) და სთხოვოს:
- ბებო, კუდი მაჩვენე რა!
ბებოს გაოცებისაგან სათვალე გაუვარდება, თქვენ კი გაგახსენდებათ… რომ გუშინ ბავშვის თანდასწრებით ქმარს უთხარით, დედაშენი კუდიანიაო. ერთი ან რამდენიმე დღის შემდეგ მოვა თქვენთან თქვენივე შვილი, მოგაწოდებთ საპონს და გთხოვთ:
- დედიკო, პირი დაიბანე, თორემ ბებია ამბობს, რომ შენ პირშავი ხარ.
თქვენ აღარაფერი გაგონდებათ, პირიქით,გავიწყდებათ… და იწყება ოთახში დიდი ქართველი პოეტის ბესარიონ გაბაშვილის პოემის “რძალდედამთილიანის” ინსცერირება.
კიდევ უამრავი მაგალითის მოტანა შეიძლებოდა იმის შესახებ, თუ რა დიდ საქმიანობას ეწევიან ასეთი ბავშვები მშობლების აღზრდაში, მაგრამ, ვფიქრობ, კმარა.
არ ვიცი, ყველა მშობელზე იმოქმედებს თუ არა ბავშვების აღმზრდელობითი მუშაობა, მაგრამ ზოგ შემთხვევაში რომ ბავშვების ამ უეჭველად მისასალმებელ საქმიანობას დადებითი შედეგი მოჰყვება, ეს ცხადია…
საყვარელო ბავშვებო! ნუ მოერიდებით იმ სიძნელეებს, რაც ცემაში გამოიხატება, თქვენ მიერ მშობლების აღზრდის საქმეში.
გახსოვდეთ, თქვენ დიდ, საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობას ეწევით”. – (ავტორი გენია.ჯი)