ამედეო (იედიდია) კლემენტ მოდილიანი – “ეპიზოდი”
ებრაელ-სეფარდებთა წარმომავლობის მქონე გენიალური იტალიელი მხატვარი,მოქანდაკე და ექსპრესიონიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელი – ამედეო (იედიდია) კლემენტ მოდილიანი (1884-1920 წლები),არაოფიციალურ ქორწინებაში იმყოფებოდა ულამაზეს ფრანგ მხატვარ ქალთან და ცნობილ მოდელთან – ჟანა ებიუტერნთან.ისინი 1917-1920 წლებში საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მდებარე Rue de Grande Chaumiere 8 ნომერში ცხოვრობდნენ.სწორედ აღნიშნულ მისამართზე გაატარა მოდილიანმა სიცოცხლის უკანასკნელი დღეები. (ავტორი გენია.ჯი) მხატვრმა თავის ბოლო ნამუშევრებში საკუთარი თავი (“ავტოპორტრეტი”) და მასზე უზომოდ შეყვარებული ქალი – ჟანა ებიუტერნი ასახა (“ჟანა ებიუტერნის პორტრეტი კარებთან”).იმავე პერიოდში ამედეო ტუბერკულიოზური მენინგიტით იტანჯებოდა. 1920 წლის 23 იანვარს მხატვარი ქუჩაში შეუძლოდ გახდა და წაიქცა.იგი,გამვლელებმა უმალვე ღარიბებისათვის და უპატრონოებისათვის განკუთვნილ Hopital de la Charite-ს ჰოსპიტალში გადაიყვანეს.საშინელ ანტისანიტარიაში და ბოგანოთა საავადმყოფოში მყოფი გენიალური მხატვარი – ამედეო კლიმენტ მოდილიანი 1920 წლის 24 იანვარს გარდაიცვალა.ჟანა,რომელიც საყვარელ მამაკაცს სახლში ელოდებოდა,გაიგო-რა მისი გარდაცვალება,სასოწარკვეთილებაში ჩავარდა.მოდილიანის სიკვდილით შეძრწუნებული ქალი,მშობლებმა საკუთარ ბინაში გადაიყვანეს,თუმცა ტრაგედიას თავი მაინც ვერ აარიდეს. 21 წლის ასაკში მყოფმა ცხრა თვის ფეხმძიმე ქალმა – ჟანა ებიუტერნი 1920 წლის 25 იანვარს სახლის მეხუთე სართულიდან გადახტა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა (დაიღუპა ბავშვიც).ამედეო მოდილიანი დაკრძალულ იქნა პარიზის ყველაზე ცნობილ – “პერ ლაშეზის” სასაფლაოზე.მის საფლავზე გაკეთებულ იქნა შემდეგი სახის ეპიტაფია: “სიკვდილმა მას დიდების კარიბჭესთან უწია”.გარდაცვლილი გოგონას ნათესავები და ოჯახი,ჟანას სიკვდილში ამედეოს ადანაშაულებდა,რის გამოც იგი საყვარელი მამაკაცის გვერდით არ დაკრძალეს.თავდაპირველად ებიუტერნი “ბანიოს სასაფლაოზე” იქნა დაკრძალული.თუმცა,გარდაცვალებიდან ათი წლის შემდეგ მისი ცხედარი “პერლ ლაშეზის სასაფლაოზე” იქნა გადასვენებული და ამედეოს გვერდით დაკრძალული.მის საფლავზე კი გაკეთებული იქნა შემდეგი სახის ეპიტაფია: “ამედეო მოდილიანის ერთგული თანამგზავრი,რომელმაც მასთან განშორების შემდეგ სიცოცხლე არ ისურვა”.
P.S. აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ამედეოსა და ჟანას ერთადერთი ქალიშვილი – ჟანა მოდილიანი (1918-1984 წლები) დარჩათ,რომელიც მამიდასთან აღიზარდა ფლორენციაში.ცნობილია ისიც,რომ მან მშობლების ტრაგიკული ბედის შესახებ მხოლოდ სრულელოვან ასაკში შესვლის დროს გაიგო. 1958 წელს,ჟანამ მამის შესახებ ბიოგრაფიული წიგნი – “მოდილიანი: ადამიანი და მითი” დაწერა,რომელმაც დიდ ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში დიდი აღიარება მოიპოვა. (ავტორი გენია.ჯი)
ამედეო კლიმენტ მოდილიანის უკანასკნელი ნამუშევარი – “ჟანა ებიუტერნის პორტრეტი კარებთან”