რევაზ ინანიშვილის ნააზრევი…

“ვწევარ თუ ვდგავარ,ვზივარ თუ დავდივარ,დღეა თუ ღამეა,თვით ძილშიაც კი,ვიღაცებს ვეკამათები ჩემი ქვეყნისა და ხალხის ავ-კარგზე.აი,რა არის მიზეზი,რომ ცოტას ვწერ.აი,რა არის მიზეზი,რომ საშინლად ვიღლები.ეს იქნება მიზეზი ჩემი აღსასრულისაც.სადღაც უთუოდ გასკდება გული”. (ავტორი გენია.ჯი)

***

“ჩემნაირ უქონელს უფლება არა აქვს პოპულარული იყოს.მაშინ მას უფრო გაუჭირდება რიგებში,ტრანსპორტში,საზოგადოებრივ საკრებულოებში და სხვაგან.

აი,რატომ არ ვმონაწილეობ არავითარ შეხვედრებში,რატომ არ გამოვდივარ ხალხის წინაშე ტელევიზიით.

თანაც,მეჩვენება,რომ პოპულარობა კიდევ უფრო მეტ თვალს ჩამოახედებს ჩემს სამუშაო ადგილში,ეს კი ყველაზე მეტად მაშფოთებს ბოლო ხანებში.

ბრწყინვალედ აქვს ხალხს ნათქვამი პოპულარულ კაცზე: ჭრელი ძაღლივით ყველა იცნობსო”. (ავტორი გენია.ჯი)

***

“სიცოცხლის წყურვილი სხვადასხვანაირად გამოვლინდება ყოველ ჩვენგანში.ერთნი ესწრაფებიან მხიარულებას,დაუფიქრებელ მოქმედებებს,თავაწყვეტილობას,მეორენი – მშვიდ,კანონმდებლობით შემოლაბირინთებულ სვლას,ყოფას; მესამენი – თავჩაღუნულ აღქმას,აღქმას  ყველაფრისა,რაც მიწაზეა.ამ უკანაკნელთ თითქოს ეშინიათ,არაფერი გამორჩეთ შეუმჩნეველი და შეუთვისებელი,რომ აქედან წასულებმა სრულად წაიყოლონ იმ ქვეყანაში საოცარი სახე მიწისა.

მე ამ თავჩაღუნულებს ვეკუთვნი ვითომ?”