ედიტ პიაფის შესახებ…
დიდი ფრანგი მსახიობი და მომღერალი ქალი – ედიტ ჯოვანა გასიანი (1915-1965 წლები) იგივე – ედიტ პიაფი, რომელიც მსოფლიო ესტრადის ბრწყინვალე ვარსკვლავს წარმოადგენდა, დაბადებიდან ექვსი წლის მანძილზე ბრმა იყო. მას ერთი თვის ასაკში კატარაქტი განუვითარდა, რამაც პატარა გოგონას სიბრმავე გამოიწვია. მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ბავშვს სამედიცინო გზით თვალისჩინის დაბრუნების შანსი არ გააჩნდა, იგი ბებიამ ქალაქ ლიზიეში წმინდანი ტერეზას საფლავზე წაიყვანა, სადაც ათასობით მორწმუნე მლოცველი იკრიბებოდა სრულიად საფრანგეთიდან. 1921 წლის 19 აგვისტოს ბებია და შვილიშვილი წმინდანის საფლავს დიდი რწმენით ეწვივნენ და სულ მალე მართლაც სასწაული მოხდა: ბავშვს თვალისჩინი დაუბრუნდა… (ავტორი გენია.ჯი) პირველი, რაც მან თვალის სინათლის დაბრუნებისას იხილა, პიანინოს კლავიშები გახლდათ.
ედიტ პიაფის ცხოვრების ბევრი ფაქტი და მოვლენა დღემდე ბურუსით არის მოცული, თუმცა ცნობილია, რომ მისი ცხოვრება უცნაურობებით იყო აღსავსე. ეს ეხებოდა როგორც მისი დაბადების პერიოდს (გადმოცემის თანახმად 1915 წლის 19 დეკემბერს სუსხიანი დეკემბრის ღამეს პოლიციელს, რომელიც უბნის პატრულირებას ახდენდა, ყვირილი შემოესმა. ადგილზე მისვლისას მან მშობიარე ქალი – ანიტა მაიარი აღმოაჩინა. ახალშობილი დედამ პოლიციელის ლაბადაში შეახვია და ედიტი დაარქვა), ასევე მის შემდგომ ცხოვრებასაც. ჩვილი გოგონა დედამ მისი დაბადებიდან სულ რაღაც ერთიოდე თვეში მიატოვა. ედიტმა სწავლის დასრულება ვერ შეძლო, რადგან თანაკლასელების მშობლების აღშფოთება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ის საროსკიპოში იზრდებოდა (ნორმანდიულ საროსკიპოში მზარეულად მუშაობდა ედიტის ბებია, სადაც ბავშვს დიდი დროის გატარება უხდებოდა). მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა და ედიტის ნიჭი და კარიერული წინსვლა ყველასთვის თვალნათელი გახდა. ფსევდონიმად – „პიაფი” (აღნიშნავს – ბეღურას) ედიტს პარიზული კაბარე – „ჟერნისის” მფლობელმა – ლუი ლეპლემ შეურჩია, სადაც გოგონა მუშაობდა (მღეროდა). აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას, უკვე სახელგანთქმული მომღერალი ქალი კონცერტებს ოკუპირებული საფრანგეთის ტერიტორიაზე განთავსებული სხვადასახვა სამხედრო ტყვეების ბანაკებში მართავდა, რის შემდეგაც ტყვეებთან სპეცილაურად იღებდა „სამახსოვრო” სურათებს. სწორედ ამ სურათების მეშვეობით ამზადებინებდა შემდგომ იგი ყალბ დოკუმენტებს ამ საქმის სპეციალისტებს და, როდესაც კვლავ ესტუმრებოდა ამა თუ იმ ბანაკს, საიდუმლოდ შეჰქონდა რიგი პატიმრების ყალბი დოკუმენტები იქ (ასეთი კაცთმოყვარული საქციელები ედიტის მოღვაწეობაში არა ერთია).
მიუხედავად დიდი კარიერული წინსვლისა, მისი ცხოვრება მართლაც დატვირთული გახლდათ სხვადასხვა უარყოფითი მოვლენებით: მან გადაიტანა ოთხი ავტოავარია, თვითმკვლელობის მცდელობა, სამი ჰეპათიური კომა, შეშლილობის შეტევა, ალკოჰოლისაგან გამოწვეული ორი დელირიუმი, შვიდი სხვადასხვა სახის ოპერაცია, გამოიარა პირველი და მეორე მსოფლიო ომების ჯოჯოხეთი და გარდაიცვალა 1963 წლის 11 ოქტომბერს 50 წლის ასაკში. ედიტ პიაფის დაკრძალვის შემდეგ გავრცელდა სიტყვები, რომელიც დიდებულად აღწერს პფიაფის პიროვნებას და მის განვლილ ცხოვრებისეულ გზას: „მას ასაფლავებდა საფრანგეთი და დასტიროდა მთელი მსოფლიო”. (ავტორი გენია.ჯი)