ფილიპე გოგიჩაიშვილი – “ქართველების თვისების შესახებ”…
“მართლაც ჩვენ,ქართველები,ისე პატარა ხალხი ვართ,რომ ყველანი – ასე ვთქვათ – ერთმანეთს ვიცნობთ პირადად.ისე ახლოსა და ისე ხშირად ვხედავთ ერთმანეთს,რომ დაწვრილებით ვიცით ერთმანეთის ავი და კარგი,ცხოვრება ოჯახური და ოჯახს გარეთაც.როგორც ერთ ოჯახში იმავე ოჯახის წევრებისათვის არა არის დამალული,ისევე ჩვენში არაფერი რჩება დაფარული და გაუგებელი.
ამიტომაც ჩვენ,ქართველები,საშინელი მეჭორეები და ერთმანეთის დაურიდებელი მქექავები ვართ.რახან ყველანი,ერთ ოჯახსავით,ცხოვრების ერთ ვიწრო ფარგალში ვართ მომწყვდეულნი,წვრილმან მასალას აუარებელს ვპოულობთ ერთმანეთის გასაქექად და გასაქირდავად.
ჩვენში,ვითარცა პატარა ხალხში,თითოეული პიროვნება გრძნობით ისე გამოცალკევებული არაა ჯგუფისაგან,ისე გამოთიშული არაა თავის თანამოძმეთაგან,როგორადაც რომელსამე დიდ ეროვნებაში.თითოეული ქართველი მუდამ თავის ყოფა-ცხოვრებას მათს ყოფა-ცხოვრებას უპირდაპირებს და ამ შედარების საშუალებით განსაზღვრავს თავის სოციალურ მდგომარეობას.იგი წყნარად და გულმშვიდად არის,თუ ირგვლივ სხვებიც მასავით ჩათლახად ცხოვრობენ.სამაგიეროდ ვერ მოისვენებს,თუ მისმა მეზობელმა (ჩვენ ხომ ყველანი ერთმანეთის მეზობლები ვართ!) აიწია და მას გაუსწრო.იგი ცდილობს მას დაეწიოს და გაუთანაბრდეს,გარეგნობით მაინც.
ქართველი არსებითად ფრიად წამბაძველია.მხოლოდ იგი ჰბაძავს არა განყენებულ მოდას ან უავტორო აზრს,არამედ “დაწინაურებული” მეზობლის გარეგან ცხოვრებას,მის ჩაცმულობას და აზროვნებას.მისი მისაბაძი საგანი კონკრეტულია და არა განყენებული.როგორადაც ერთ ოჯახში ერთ ძმას ესირცხვება,თუ მისმა ძმამ გაუსწრო,ისევე ყოველ ქართველს სასირცხვოდ მიაჩნია,თუ ცხოვრებაში მეზობელმა გაუსწრო და იგი უკან მოიტოვა.ამიტომაც იგი ნახევარჯერ საჭმელს მოიკლებს და დიდკაცურად გამოეწყობა.ამით იგი აზნაურს უთანასწორდება.მისმა მეზობელმა სწავლა მიიღო და – ვთქვათ გაზეთებში წერა დაიწყო? ისიც არ მოისვენებს,სანამ ერთ პატარა კორესპონდენციას არ მოაქუჩებს და გაზეთებში არ დააბეჭდვინებს.ვინმე მისი კუთხის კაცი რედაქტორი შეიქმნა? თვითონ მეპურეობაზე ხელს აიღებს,თონეს დააგირავებს და ორიოდე დღით მაინც რედაქტორობას გამოსცდის (დღეს ეს საქმე ძნელი აღარ არის).საზოგადო მოღვაწეობა სასახელოდ არის მიჩნეული? მისი მეზობლის სახელსა და გვარს გაზეთებში ბეჭდავენ? იგი უეჭველად წავა ამა თუ იმ საზოგადოების კრებაზე და “რეჩს” იტყვის.უანგარიოშოდ ფულის ხარჯვა სიმდიდრის ნიშანია? იგი უკანასკნელს ხუთ შაურს ეტლში მისცემს,ერთის სიტყვით,ქართველი ბევრს ფართი-ფურთობს,მაგრამ არა თავის შინაგან მოთხოვნილებით,არამედ უფრო წაბაძვა-წახედულებით,რომელსაც ჩვენი – ქართველების – რაოდენობითი სიმცირე ნიადაგს აძლევს და შესამჩნევად ხელს უწყობს”. (ავტორი გენია.ჯი)