ივანე გომართელი წერდა…
“სამყარო,ბუნება,მეტად რთული საიდუმლოებაა,სიცოცხლე კი ერთობ წუთიერი.დროს დასასრული არა აქვს,სივრცეს საზღვარი,სამყაროს თავი და ბოლო,ჩვენი სიცოცხლე კი ელვასა ჰგავს, – გამოაშუქებს ერთ წამს და, სანამ ბუნების საიდუმლოებას ოდნავადაც მაინც მივუახლოვდებოდეთ,ჩაქრება კიდეც.
ჩვენი დაბადება ჩვენ არ გვეკითხება,ჩვენი ნების,ჩვენი სურვილების გარეშე ვღებულობთ სახეს; ვცხოვრობთ,ვმხიარულობთ,ვიტანჯებით და ვკვდებით,ვქრებით,ვისპობით სამუდამოდ,როგორც სამუთარი “მე”-ს მატარებელი პიროვნება და აღარასოდეს აღარ გავმეორდებით.დრო ივლის შეუჩერებლად,დაუსრუყლებლად; უსაზღვრო სივრცეში დაუსაბამო და უბოლოო ბუნება მრავალ ცვალებადობას განიცდის,ჩვენი “მე” კი აღარასოდეს იქნება. (ავტორი გენია.ჯი)
ფუი! რა სისულელეა სიცოცხლეო,ძალაუნებურად აღმოხდება ადამიანს,როცა ის ბუნების დაუსრულებლობას თავისი არსებობის წუთიერებას შეუდარებს.
სიკვდილის საშინელება იმაში კი არ მდგომარეობს,რომ “მე” ისპობა სამუდამოდ,არამედ უფრო და განსაკუთრებით იმაში,რომ “მე” ისე ისპობა,ბუნების საიდუმლოებას ვერ იგნებს.ვიბადებით,მაგრამ რისთვის არ ვიცით: ვცხოვრობთ,მაგრამ რისთვის არ ვიცით; რა არის სიცოცხლე,საიდან მოვდივართ,არაფერი ეს ჩვენ არ ვიცით და სიცოცხლე ისე მოკლეა,რომ ვერასოდეს ამას ვერ გავიგებთ.
დროთა შეუწყვეტელ და დაუსრულებელ დინებაში ჩვენ მხოლოდ ერთ წამს ვახელთ თვალებს,რომ ჩვენი სრული არარაობა,ჩვენი ცხოვრების მისწრაფების,სურვილების,განზრახვების სიფუჭე დავინახოთ და შემდეგ სამუდამოდ დავხუჭოთ თვალები.
ფუი! რა სისულელეა სიცოცხლე,ძალაუნებურად აღმოხდება ადამიანს,როდესაც ყოველივე ამას გაითვალისწინებს.
სასოწარკვეთილებაში მყოფ ადამიანს სარწმუნოება ევლინება მანუგეშებლად.
- ნუ გეშინია,ბუნების გარეშე ღმერთია დაუსაბამო და უბოლოო,მას ემორჩილება ყველაფერი.
- სიცოცხლე წუთიერი სრულებითაც არ არის,ეს მხოლოდ ასე გვეჩვენება.მართალია,შენ თვალებითა ჰხედავ,მაგრამ თვალები რომ დაგილპება,აბა მაშინ გვექნება საუკეთესო მხედველობა! მართალია,შენ ყურადღებით ისმენ,მაგრამ ყურები რომ დაგილპება,აბა მაშინ გვექნება საუკეთესო სმენა! მართალია,შენ გულითა გრძნობ,მაგრამ გული რომ მოკვდება და დაგილპება,აბა მაშინ უნდა უყურო შენი გრძნობების გაცხოველებას!
დაახლოებით ამგვარად ანუგეშებს სარწმუნოება ადამიანს,ადამიანსაც სჯერა დაუჯერებელი,სწამს უწამებელი.
სხვადასხვა სარწმუნოებრივ მოძღვრებათა უმეტესი ნაწილის მიზანს შეადგენს გამართლება,ახსნა და აზრისა და შეგნებული ნების შეტანა იმ სისულელეში,რომელსაც ადამიანის ცხოვრება ეწოდება.
სარწმუნოებას არ შეუძლია სიცოხლის ახსნა ღვთაებრიობის იდეის გარეშე.
მოსპეთ ის აზრი,ის იდეა,რომ ღმერთი არსებობს და მაშინ სარწმუნოება სრულიად უძლურია,სარწმუნოება უღვთოთ შეუძლებელია.ღვთაებრიობის იდეის წარმოდგენაში სხვადასხვა სარწმუნოებრივი შეხედულებანი შეგვიძლია დავყოთ ორ ნაწილად.ერთი ღმერთს აყენებს გარეშე,როგორც უნივერსალურ გონიერ ნებას და მას უმორჩილებს სამყაროს.
მეორე კი თვით ბუნებაში ხედავს ღვთის განსახოვნებას.
ნაკლი ორივეში დიდია,მაგრამ პირველი შეხედულება თანამედროვე ცოდნით აღჭურვილ ადამიანს ვერ დააკმაყოფილებს.ჩვენ არ ვიცით,რა არის,ვინ არის თვით ღმერთი და არც შეგვიძლია ამის ცოდნა; ის უფრო გაუგებარია,ვიდრე ბუნება,რადგანაც ბუნების შესწავლა კიდევ შეგვიძლია,ღვთისა კი სრულებით არა, – ღვთისა მხოლოდ რწმენა შეიძლება.
ამგვარად,გაუგებარი ბუნების ასახსნელად ჩვენ ვქმნით იდეას გაუგებარივე ღვთაებრიობისა და საქმეს გაადვილების მაგიერ კიდევ უფრო ვაძნელებთ,რადგანაც ერთი გაუგებრობის ალაგას ხელთა გვრჩება ორი გაუგებრობა.
სულ სხვაა მეორეგვარი შეხედულება.ის უარყოფს ღმერთს ბუნების გარეშე და ხედავს მას თვით ბუნებაში,ბუნების ყოველ საგანში,ბუნების ყოველ სხეულში,ბუნების ყოველ ნაწილში,ბუნების ყოველ მოვლენაში,ყოველ სახეში,მთელი ბუნება,ამ მოძღვრებით,თვით ღმერთია.ამიტომ ეწოდება ამ მოძღვრებას პანთეიზმი (“პან” – ბერძნულად ნიშნავს ყველაფერს,”თეოს” კი ღმერთს).რისთვის დასჭირდა პანთეიზმს ბუნების გაღმერთება? ამით პანტეიზმს იმის თქმა უნდა,რომ ბუნება მკვდარი,უაზრო უნებო კი არ არის,არამედ ცოცხალი,სულიანი,აზრიანი და ნებიანია.თუ დავეთანხმებით ამგვარ აზრს,მაშინ მთელი ბუნება,მთელი სამყარო ახსნილია თქვენთვის,ახსნილია სიცოცხლის საიდუმლოებაც,მთელი ბუნება ცხოვრობს საკუთარი სიცოცხლით.ყოველი კერძო სიცოცხლე ნაწილია მსოფლიო სიცოცხლისა,ყოველი კერძო ნება ნაწილია მსოფლიო ნებისა,ყოველი კერძო აზროვნება ნაწილია მსოფლიო აზროვნებისა,ყოველი კერძო გონება ნაწილია მსოფლიო გონებისა.ბუნება უკვდავია,უკვდავია მსოფლიო აზროვნება,ამიტომ უკვდავია ყოველი კერძო აზროვნებაც.ყოველი პიროვნება,ყოველი “მე” საკუთარ ხორციელ სახეს იცვლის სიკვდილის პროცესით,ხოლო ყოველი კერძო აზროვნება,როგორც არა ხორციელი ყოფა – უკვდავია”. (ავტორი გენია.ჯი)