ტერენტი გრანელი – “მიცვალებულის დღიურიდან”

შენ ვერ მიხილავ და ნურც დამეძებ,

სადღაც წამიღეს ბნელი მკლავებით.

მე წუხელ მოვკვდი,შუაღამეზე,

როდესაც კრთოდნენ ცის ვარსკვლავები.

***

დაბნელდა სივრცე,დაბნელდა ბინა,

დამგლოვიარდნენ სახლის მინებიც.

მე თეთრ კუბოში ჩუმად მეძინა,

მოჰქონდათ ვარდი და გვირგვინები.

***

ალბათ ჩემს სიკვდილს გრძნობდა სოფელიც

(ვერ დავბრუნდები მე ბურუსიდან).

მკვდარი ვიყავი და უგრძნობელი,

ღია სამარე ჩემს გულს უცდიდა.

***

და ეცემოდნენ სადღაც წვიმები

შორეულ ღრუბლის სანაპიროდან.

კუბოსთან იდგნენ სერაფიმები

და ღვთისმშობელი ჩემზე ტიროდა.

***

არც შორეული დების ლოცვები

ჩემს გადარჩენას ხელს არ უწყობდა.

მიმასვენებდნენ ანგელოზები

და კუბოს ქრისტე წინ მიუძღოდა.

***

ირგვლივ სიკვდილის ხელი მეხვია,

რა მექნა,სულო,დაუცხრომელო!

მსურდა სიბნელე რომ გამერღვია

და კვლავ ქვეყნისთვის თვალი მომევლო.

***

შენ ვერ მიხილავ და ნურც დამეძებ,

სადღაც წამიღეს ბნელი მკლავებით.

მე წუხელ მოვკვდი,შუაღამეზე,

როდესაც კრთოდნენ ცის ვარსკვლავები…