ვაჟა-ფშაველა – “დამუნჯებულსა ენითა”

დამუნჯებულსა ენითა,

სმენავ,დამეხშე შენაცა!

რა ვნახო სასიამოვნო,

რას ვაქნევ თვალთა ხედვასა?

უსმენლად,უხედავადა

ყოფნა სჯობს ხედვა-სმენასა:

თქვენგან მჭირს ჭირი,მუდამ დღე

ვუნდები თავში ცემასა.

ერთით ვნუგეშობ,ერთითა:

მივენდე ცრემლის დენასა;

ესაა ჩემი ნუგეში,

ტირილში ვპოვებ შვებასა.

თან ვამბობ: ნეტამც ღვთის მადლით.

არ გავჩენიყავ დედასა!

სიყმაწვილიდან ცრემლები

მდის ისევ,როგორც მდენია;

სიბერის დროსაც ისევე

მედება ცეცხლის გენია;

ისევა ვტირი ბეჩავი,

ჭირი ვერ მომითმენია.

უბედო ბედმა გამრიყა,

მიმაკრა ლოდსა კლდისასა;

დავლიე წუთისოფელი,

მივემგზავრები ცისასა.

ვერცა რა თავსა ვუშველე,

ვერც გაჭირვებას ძმისასა.

რა ჰქვიან ასეთს სიცოცხლეს,

რა ჰქვიან ასეთს ყოფასა?

სულ უყოლობა არა სჯობს

ჩემისთანების ყოლასა?!

დამეხშე,სმენავ,დამეხშე,

ნუღარც რამ გამიგონია!

ცრემლებო,თქვენი შვილი ვარ,

თქვენა ხართ ჩემი ფონია,

იდინეთ უხვად,ვიდრემდე

შემწევს ტირილის ღონია!

თქვენა ხართ ჩემი ნუგეში,

სხვა მე ვერ მამიგონია;

ვერ მანუგეშებს ვერავინ,

ვერც შვილი,ვეღარც ტოლია!

აღარ მყავს,ისიც მამიკვდა,

ძაღლი რო მყვანდა ბროლია.

ბრჯღალით ვუპყრივარ სევდასა,

როგორაც არწივს გნოლია.

შინ ზღვა არ მიშვებს ცრემლისა,

გარეთ – ქარი და თოვლია,

და საიქიოს – გმირთ რისხვა,

სირცხვილი თანამყოლია.