დავით სარაჯიშვილი – “ეპიზოდი”
მას შემდეგ,რაც 1900 წლის 24 იანვარს დიდი ქართველი მწერალი,პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე – გიორგი წერეთელი გარდაიცვალა,განსვენებულის ოჯახი იმდენად დიდ ეკონომიკურ სიდუხჭირეს განიცდიდა,რომ მისი დაკრძალვისათვის საჭირო თანხის მცირეოდენი ნაწილიც კი არ გააჩნდა.გიორგის მეგობრებმა აღნიშნულის გამო იმსჯელეს და იმ დასკვნამდე მივიდნენ,რომ მეგობრის დაკრძალვისათვის საჭირო თანხის სათხოვნელად (სესხად ასაღებად) ერთ-ერთ უდიდეს ქართველ ქველმოქმედთან,ქართული კონიაკის ფუძემდებელთან და საზოგადო მოღვაწესთან – დავით სარაჯიშვილთან მისულიყვნენ. და მართლაც,ცნობილი ადამიანებისაგან დაკომპლექტებული დელეგაცია სარაჯიშვილს სახლში ეწვია.დავითს დელეგაციის წევრების სტუმრობა ძალიან გაუხარდა და ისინი სასტუმრო ოთახში მიიწვია.ბევრი ხუმრობის შემდეგ, (ავტორი გენია.ჯი) დავითმა თავისი მოსწრებული სიტყვებითა და ღიმილით შენიშნა:
” – დიდად მოხარული ვარ,რომ ყველანი ასე თავმოყრილი ჩემ ჭერქვეშ გნახეთ.კეთილი და პატიოსანი! მაგრამ ცოტათი ეჭვი მეპარება,ეს თქვენი სტუმრობა ფულების მიღებასთან ხომ არაა დაკავშირებული! უეჭველია,რაიმე გაჭირვება მოგადგათ,თორემ ასე დილაადრიანად არ მომინახულებდით!”
დელეგაციის წევრებმა დავითს აუხსნეს შექმნილი მდგომარეობა და სესხად 500 მანეთი სთხოვეს.იქვე აღუთქვეს,რომ ნასესხებ თანხას მოკლე დროში დაუბრუნებდნენ.სარაჯიშვილმა ისე,რომ არც კი დაფიქრებულა სტუმრებს ხუმრობით მიუგო:
” – ახირებული საქმეა,ღმერთმანი! ამდენხანს ცოცხლებს მაჩრიდით და მეუბნებოდით,გინდა არ გინდა უპატრონეო,ახლა კი მკვდრებიც თავზე მომახვიეთ”.
მცირე გაბაასების შემდეგ,დავითმა,მაგიდის უჯრიდან ამოიღო ბანკის საჩეკო წიგნაკი,გამოწერა 500 მანეთის ჩეკი და დელეგაციის წევრებს გადასცა,თან დიდსულოვნად დაამატა:
” – მიირთვით,მხოლოდ სესხის სახით კი არა! ვიცი,არც თქვენ დამიბრუნებთ და, ვფიქრობ,არც მე მოგთხოვთ!” (ავტორი გენია.ჯი)