ლევან სანიკიძე – “იქ,სადაც შუბლია დედამიწისა”

“ქვეყანა კ ა ვ კ ა ს ი ა – მსოფლიო თილისმა სუფევს ამ სახელდებაში.

მთა კ ა ვ კ ა ს ი ო ნ ი – ვერცხლის შუბლი დედამიწისა,მაერთებელი შუასახსარი აზიისა და ევროპისა.

ხოლო,დედიმიწის შუბლზე,მის სამხრეთ მხარეს,გაშლილია ქვეყანა,რომელსაც ჰქვია – ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო.

უმშვენიერესი და უჯანსაღესი ნაშობი ზეცისა და დედამიწისა.

დასავლეთით და აღმოსავლეთით,მის ნოყიერ ცისგვამში ორი ზღვის სუნთქვა ერთვის ერთმანეთს – შავი ზღვისა და კასპიის ზღვისა.

სამხრეთის საზღვრად – ანტიკავკასიონი,წინა აზიის შუა წელი,ანატოლია,სომხეი,ირანი.

თითქოს,სამყაროს დემიურგი საგულდაგულოდ აღზევებული სულით და ნატიფად დახვეწილი ხელით საგანგებო თავდავიწყებით შესდგომოდეს ამ საოცარი ქვეყნის ხატვას. (ავტორი გენია.ჯი)

მისი მცენარე,მისი ცხოველი,მისი წიაღი,მისი წყალი,მისი ნაყოფი – უხვი,მდიდარი,მრავალფერი და მრავალსახე.

აქ ცხოვრობს ქ ა რ თ ვ ე ლ ი   ხ ა ლ ხ ი – უძველესი ხალხთაგანი დღემდე მოღწეულ კაცობრიულ მოდგმათა შორის.

ისე როგორც უდიდესი ცივილიზაციის შემოქმედი ბერძენი ხალხი შექმნილია სამი ნათესაური გვარტომისაგან – იონიელთა,დორიელთა და ეოელთაგან – ასევე სრულიად ქართველი ხალხის შემოქმედიც შეიქნა სამი მთავარი ნათესავი გვარტომი:

ქ ა რ თ ე ბ ი

მ ე გ რ ე ლ ე ბ ი

ს ვ ა ნ ე ბ ი.

მრავალ საუკუნეთა სარბიელზე ეს სამი დედა-გვარტომი იყო მომცველ-გამაერთიანებელი ყველა ქართული მოდგმისა,რომელსაც კი სხვადასხვა დროს,სხვადასხვა სახელდებით უცხოვრია საქართველოს მიწა-წყალზე: იბერნი,კოლხნი,კახელნი,თუშნი,ხევსურნი,ფშაველნი,წანარნი,ჰერნი,მესხნი,ტაოელნი,კლარჯელნი,შავშელნი,ერუშელნი,ჯავახნი,სპეონი-სასპერნი,კარდუხნი,ეგრისნი,ლაზნი,შკვითინები,ბეხირები,ბიძერები,მაკრონები,სანები,ხალიბები,ჰენიოხები,სანიკები,მოსინიკები,მისიმიელნი,ოდიშარნი,იმერნი,მარგველნი,გურულნი,თაკვერელნი,ლეჩხუმელნი,რაჭველნი,დვალნი (ტომობრივი და გეოგრაფიული ადგილსაცხოვრისის სახელთა მიხედვით).

დედამიწის სხვა შვილთა გვერდით,ათასეულ წელთა სარბიელზე,გარებუნების დასამორჩილებლად და სარჩო-საბადებლის მოსაპოვებლად,ქართველ კაცს იარაღად უკეთებია – ქვაც,სპილენძიც,ბრინჯაოც,რკინაც.გამოუვლია პალეოლითიც,ნეოლითიც,ენეოლითიც…

გამოუვლია ორივე გვარიც – დედისეულიც,მამისეულიც.

პრეისტორიის უხანგრძლივესი და უმძიმესი დრამატიზმით ნაწრთობი სულით და სხეულით მოილტვოდა იგი მსოფლიო ცივილიზაციის კარიბჭეებისაკენ.

და მოდიოდა ვითარცა: მონადირე და მესაქონლე,მშვილდოსანი და მახვილოსანი,გუთნისდედა და მეხენახე,ხურო და მჭედელი,ხელოსანი და ხელოვანი,მშობელი მიწის მოთაყვანე და სამყაროული სიმშვენიერის მოტრფიალე.

ბუნების ძალთა რელიგიურ აღქმასა და გააზრებაში იყო მორწმუნეც,იყო სკეპტიკოსიც.აღმერთებდა: ცხოველთაგან – ხარს,ფრინველთაგან – არწივს,მცენარეთაგან – ვაზს,მნათობთაგან – მზეს,მთვარეს და ცისკრის ვარსკვლავს (სძულდა ცთომილი კუდიანი,ნაწლავნაყარი)…

ბოლოს,ქართველმა კაცმა განიერი ნაბიჯით შედგე ფეხი მსოფლიოურ მატიანეში,ძველთაძველ თანმიმდევრულ წერილობით ისტორიაში – წინაბერძნულ და ძველბერძნულ “კოსმიურ თავგადასავლებში”,მრავალსახოვან,უმშვენიერეს თქმულებებში.

სწორედ ძველმა ბერძნებმა,მთელი მსოფლიოს უპირველესმა “ნათლიებმა”,ქართველთა სამშობლოს დასანათლავად აარჩიეს აქ მობინადრე ადამიანთა ყველაზე მნიშვნელოვანი და სისხლხორცეული მოსაქმეობა: მიწათმოქმედება – საკაცობრიო კულტურული მეურნეობის ყველაზე დიდი დარგი!

და ბერძნებმა საქართველოს უწოდეს გ ე ო რ გ ი ა – მიწათმოქმედთა ქვეყანა.

გეორგია! მსოფლიო ისტორიაში სამარადჟამოდ დაივანა ამ სახელმა. (ავტორი გენია.ჯი)