იაკობ გოგებაშვილი წერდა…
“მსოფლიო ისტორია წარმოადგენს მსვლელობას მარტივიდან რთულისაკენ,მონობიდან თავის უფლებისა და თანასწორობისაკენ,ბიწიერებიდან სათნოებისაკენ,უმეცრებიდან სიბრძნისაკენ,მხეცობიდან ადამიანობისაკენ,ტანჯვიდან ლხენისაკენ,ჯოჯოხეთიდან სამოთხისაკენ.ეს მსვლელობა უსრულიდან სრულისაკენ არის ფრიად ნელი,ხშირად ტორტმანებს,შეფერხდება ხოლმე,ხან კვალსაც აუქცევს; მაგრამ ამასთან იგი არის შეუპოვარი, და მიმართულების გზას ვერ დააკარგვინებს,სისრულე ადამიანისა,საზოგადოებისა და მთელის კაცობრიობისა და საყოველთაო ბედნიერება უთუოდ დამკვიდრდება ბოლოს და ბოლოს დედა-მიწაზედ,თუ რაიმე კოსმიურმა მსოფლიო მიზეზმა კაცობრიობას ბოლო არ მოუღო”. (ავტორი გენია.ჯი)
***
“დიდ წარსულს დიდი მომავალიც ექნება”.
***
“უმთავრესნი ნაკლნი ჩვენის არსებობისა,დამჩაგვრელნი პირობანი ჩვენი ცხოვრებისა,დიდნი ნაღველნი მივიწყებულნი არიან,უყუროდ დაგდებულნი,ზურგშექცეულნი… ნამდვილი მიზეზები ჩვენის დამხობისა ხელშეუხებელნი რჩებიან,წვრილმან შედეგებს და მხოლოდ მათ მიუპყრიათ ჩვენი ყურადღება… საითკენაც უნდა მიიხედო,ყოველ მხრიდან თვალში გეჩხირება გულსაკლავი ჩხირკედელაობა,ნაცარქექიობა. და ყველაზედ სავალალო ის არის,რომ ამ ნაცარქექიობას,ამ ჩხირკედელაობას დიდ საქმეთა ვთვლით,დაუფასებელ ღვაწლადა ვრაცხთ სამშობლოს წინაშე…” (ავტორი გენია.ჯი)
***
“ჩვენდა სამარცხვინოდ,ჩვენში ბლომად მოიპოვება ქვემძრომნი სულიერნი,რომელნიც ჩვენს წინაშე მხურვალე მამულიშვილს, 96 პრობის პატრიოტის როლსა თამაშობენ და სხვაგან კი ყოველს ჩვენს საუნჯეს,ყოველს ჩვენს ეროვნულს უფლებას ძირს უთხრიან,ყველა “ვანიუხას” წინ უსწრობენ ჩვენს “გავანიუხებაში”,ჩინების და ჯილდოს გულისათვის. და როდესაც ეს საძაგელნი არსებანი ჩვენთან მოდიან და როსკიპული ღრეჭით ხელს გვაწვდენენ,ჩვენ მათ სულ მოკლე მონასავით ხელს ვართმევთ და მეგობრულად ვექცევით.ამით ჩვენ ხელებს ვიტალახიანებთ,თავს ვიმცირებთ და ვირცხვენთ,ქვემძრომებს ვაქეზებთ მოღალატეობაში,პატიოსან მოღვაწეთ გულს ვუკლავთ და საზოგადოებას გახრწნილებაში ვაგდებთ.რომელი ჩვენზე დამოუკიდებელი მიზეზი გვეღობება წინა,რომ ამ ქვემძრომებს მივუწყოთ ის,რისაც ღირსნი არიან: ხელი არ მივსცეთ,მოვატრიალოთ,ჯეროვანი პანჩურებით დავასაჩუქროთ და ჩვენი წრიდან სამუდამოდ გავაძევოთ ეს საზიზღარი კეთროვანნი.ვიმეორებ: რომელი დამოუკიდებელი გარემოება გვიშლის აქ ღირსეულად,ადამიანურად მოვიქცეთ?”
***
“ეხლა ჩვენ სრულიად მივიწყებას მივეცით ხალხის განათლება,ყოველივე დავტოვეთ და სამოცი წლის განმავლობაში იოტის ოდენა ჩვენ თითონ არაფერი გაგვიკეთებია ცოდნისა და სწავლის მოფენისთვის ჩვენს ერში.დროა იცოდეთ,რომ ხალხის განათლება ძნელი და რთული საქმეა და ითხოვს განუწყვეტელს სიბეჯითეს,სისტემატიურს მხნეობასა და ერთგულებასა”. (ავტორი გენია.ჯი)