ალეკო შენგელია – “სიმღერა საქართველოს ყვავილებზე”

მოგეფეროთ? რა ლამაზად ბრწყინავს დილა!

გვირილებო,ენძელებო,იანო…

მოგეფეროთ? კოცნა მინდა, – ფრთხილად,ფრთხილად -

იქნებ ნაზი ბაგე დაგიზიანოთ.

***

ყველგან თქვენი სიყვარული თან დამყვება.

მეხოტბე ვარ თქვენი ლამაზ ფერების,

აი,დილით ნიავი რომ ამბავს ჰყვება,

რად არ იცით,ეს ხომ მე გეფერებით.

***

საქართველოს ყვავილების თვალი არი

და სიკვდილსაც მის წამწამზე ვინატრებ.

შავი არი ღამე,ან თუ მთვარიანი,

ველად ბრწყინავს თქვენი ლურჯი სინათლე.

***

ჰე,სადა ხართ,დაცემულო ვაჟკაცებო,

ნატყვიარზე ყვავილები გიფინოთ,

ის ოცნება,ის დამწვარი აღტაცება,

კიდევ ერთხელ გულში შემოგიფრინოთ.

***

როგორ ბრწყინავს,როგორ ელავს უცხოდ ველი.

იქნებ სხისი თქვენი თვალის შუქია…

მშვენიერთა ყველა ნატვრა თქვენ მოგელით,

გული სხვისთვის ერთსაც არ უჩუქნია.

***

იქნებ ისევ წამოდგებით ლომგულები,

ისევ მოხვალთ რაინდულად წასულნი,

აქ დიდებას ღუღუნებენ ჩონგურები,

გიმღერიან საქართველოს ასულნი.

***

ძალას თქვენსას დაუქარგავს უცხოდ ველი,

ანთებული და მარადის მზიანი.

როგორ შევძლო,ავამღერო ყველა ფერი…

გვირილები,ენძელები,აიანი.