გიორგი შატბერაშვილი – “სამაია”
მყავდა ერთი სიყრმის სწორი,
არჩეული სწორთაგანა,
სცადეს და ვერ გაგვარჩიეს,
ერთი ძუძუსმწოვთაგანა.
***
სცადეს მტრობის ჩამოგდება,
ერთმანეთის შეძულება,
უფრო მეტად შევიყვარეთ,
ძმობის ეშხში შესულებმა.
***
ერთი ვინმე აგვემგზავრა,
უმჯობესი ქალთაგანა,
მოდიოდა,ღიღინებდა
სამაია სამთაგანას:
***
“სამაია სამთაგანა,
არ იქნება ორთაგანა,
დამიტირონ თვალთა შენთა,
დავიმარხო სწორთაგანა”.
***
მოგვხედავდა,ცეცხლს გვიჩენდა,
გვიღიმოდა ხანდახანა…
ოჰ,იმ ქალმა დაგვავიწყა
ძმობის ფიცი თანდათანა;
ერთმანეთი შევიჯავრეთ,
დავდიოდით განდაგანა.
სად ხარ ჩემი სიყრმის სწორო,
არჩეულო სწორთაგანა,
გახსოვს,რომ ვერ გაგვარჩიეს
ერთი ძუძუსმწოვთაგანა…
***
გაიხსენე ის წამები
უკეთესი წამთაგანა,
ნეტავ შენც თუ გახსენდება
ის გოგონა ხანდახანა,
ვის დაეცეს გულზე ცრემლი
მის მშვენიერ თვალთაგანა?
***
ან შენ სად ხარ,ერთო ქალო,
უმჯობესო ქალთაგანა,
რად გაგვყარე სიყრმის სწორნი,
რად გვატარე განდაგანა?
***
სიყვარულის სამაია
არ იქნება სამთაგანა…