ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის შესახებ…
კასპარ კარლ ანტონ ვან ბეთჰოვენი (1774-1815 წლები) წარმოადგენდა გენიალური გერმანელი კომპოზიტორის – ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის ძმას.მისი მეუღლე – იოჰანა მდიდარი ვენელი მეშპალერე რაისის ქალიშვილი გახლდათ.მიუხედავად იმისა,რომ ცოლ-ქმარი ერთად თანაცხოვრებდნენ და ვაჟიშვილი – კარლიც ჰყავდათ,მათი ცხოვრება სავსე იყო წინააღმდეგობებითა და უსიამოვნებებით.ასეთივე ცუდი ურთიერთობა ჰქონდა რძალს,მაზლთან – ლუდვიგთანაც.მათ შორის ურთიერთობა მას შემდეგ კიდევ უფრო დაიძაბა,რაც კასპარმა,სიკვდილის წინ უკანასკნელ სურვილად ანდერძის მეხუთე პუნქტში შეიტანა:
“ჩემი შვილის მეურვედ ვნიშნავ ჩემს ძმას,ლუდვიგ ვან ბეთჰოვენს,რადგან ჩემი საყვარელი ძმა ხშირად ძმური სიყვარულით,კეთილშობილებით,დიდსულოვნად მიჭერდა მხარს.დარწმუნებული მის გულითად კეთილშობილებაში,მისდამი ნდობით გამსჭვალული,ვიმედოვნებ,სიყვარულსა და მეგობრობას,რასაც ხშირად იჩენდა ჩემდამი,შემდგომში ჩემს ვაჟიშვილ კარლზე გადაიტანს და ღონეს არ დაიშურებს ჩემი ვაჟიშვილის გონებრივად განვითარებისა და მისი მომავლის უზრუნველყოფისათვის; ვიცი,ამ თხოვნაზე უარს არ მეტყვის”. (ავტორი გენია.ჯი)
თუმცა,ანდერძის დაწერიდან მალევე,მან რიგ პუნქტებში ცვლილებები შეიტანა:
“რახან ურთიერთობა ჩემს ძმასა და ჩემს მეუღლეს შორის ერთსულოვანი არ არის,აუცილებლად ჩავთვალე,ჩემი ანდერძისათვის დამემატებინა,სულაც არ ვისურვებდი ჩემი ვაჟიშვილის,კარლის ჩამოშორებას დედისაგან.მიზანი,რაც დასახული მაქვს,ძმას რომ ვასახელებ ჩემი ვაჟიშვილის მეურვედ,მხოლოდ მაშინ იქნება მიღწეული,თუ ერთსულოვნება იქნება.ამიტომ ვურჩევ ჩემს მეუღლეს,უფრო დამთმობი იყოს,ძმას კი – უფრო თავშეკავებული”.
კასპარის გარდაცვალება ყველაზე სამწუხარო მოვლენა იყო ლუდვიგის ცხოვრებაში და შესაძლოა ითქვას,რომ მან მთელი მისი ცხოვრება შეცვალა. 1816 წელს,დიდი კომპოზიტორის ჩანაწერებში გვხვდება შემდეგი სიტყვები:
“ჩამომხედე ციდან ჩემო ძმაო.ჰო,მე შენ დაგიტირე და ახლაც დაგტირი.ოჰ,რატომ არ იყავი უფრო გულღია ჩემთან.ახლა ცოცხალი იქნებოდი და არ მოკვდებოდი ასეთი საშინელი სიკვდილით”.
კასპარის გარდაცვალებიდან ორი დღის შემდეგ,1815 წლის 17 ნოემბერს მისი ანდერძი მინაწერით იოჰანამ და მისმა დამცველმა დოქტორმა შონაუერმა სათანადო ორგანოებს წარუდგინეს. 22 ნოემბერს ავსტრიის ლანდრეხტმა გამოიტანა დადგენილება,რომ იოჰანა ვან ბეთჰოვენი ინიშნებოდა მეურვედ,განსვენებულის ძმა,ლუდვიგი კი – თანამეურვედ.
აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ ლუდვიგი ვერ დააკმაყოფილა და მან საჩივრით მიმართა ლანდრეხტს.მისგან იგი მოითხოვდა,რომ მეურვედ ის დაენიშნათ და არა იოჰანა.დაიწყო ხანგრძლივი და მეტად დამღლელი სასამართლო პროცესები.მის მიერ ლანდრეხტისათვის მიწერილ ერთ-ერთ წერილში ვკითხულობთ;
“ჩემს წმინდა,სინდისით ნაკარნახევ მოვალეობად მიმაჩნია,უარი არ ვთქვა ანდერძით მონიჭებული მეურვის უფლებებზე.შევასრულებ რა ამ მოვალეობას,გავაკეთებ იმას,რაც ჩემის ღრმა რწმენით ხელს შეუწყობს ჩემი ძმისწულის ჭეშმარიტ კეთილდღეობას და სარგებელს მოუტანს მას მორალური და გონებრივი თვალსაზრისით.ამასთან ჩემს თავს არ შევზღუდავ ანდერძის მინაწერით.მინაწერს მომაკვდავი კაცისა,ვინც ვერ გაითვალისწინებდა რა მოჰყვებოდა ამას,არ უნდა ჰქონდეს ძალა,ან არ უნდა შეუშალო ხელი იმ ზომების მიღებით,რაც მიმართულია ბავშვის აღზრდისაკენ და გამოწვეულია წმინდა და კეთილშობილური მიზნით”. (ავტორი გენია.ჯი)
საბოლოო დასკვნის თანახმად,სასამართლომ დააკმაყოფილა ლუდვიგის არგუმენტები და იგი დანიშნულ იქნა თავისი ძმისწულის მეურვედ.სასამართლოსვე გადაწყვეტილებით,იოჰანა ჩამოშორებულ იქნა მეურვეობას.ლუდვიგ ვან ბეთჰოვენმა ძმისწულის წინაშე უზარმაზარი ამაგი დაიდო და თავისი დანაპირებიც პირნათლად შეასრულა. (ავტორი გენია.ჯი)
ლუდვიგის ძმისწული – კარლი