ჯანსუღ ჩარკვიანი – “შარაზე გასული კაცის ამბავი”

შარა-შარა,შარა-შარა,

გამოსულხარ შარაზე,

შხარა-შხარა,შხარა-შხარა,

მერე უცებ შხარაზე.

***

ყველაფერი შეიძლება,

ყველაფერი ძალაზე,

თვით ამბოხი შეიცვლება

ჭაჭანაწნეხ შამანზე.

***

შეიძლება ქვეყნის გლახას,

მზე დაჰკიდო შანაზე,

შეაფრთხო მზეთუნახავს,

ვარდი მისცე ამაზრზენს.

***

შეიძლება “მაწანწალაც”

შეუკვეთო “შარმანზე”,

შეიძლება,შარვლის გაცვლაც

შავკანტიან შარვალზე.

***

მე გავავლე მუსრი რითმებს

და შენს ახლოს ჩავრაზე…

ვახ,რა დედას პურს მიირთმევ,

დასაბმელო ჩალაზე.

***

მე ილიას მკვლელის ტანდემს

ჩვენშიც ვეძებ შავრაზმელს,

არ გაგთქვამ და არ გაკადრებ

ისე შეგალამაზებ.