იოსებ ნონეშვილი – “შენ საქართველოს დედოფლობა დაგმშვენდებოდა…”
შენ,საქართველოს დედოფლობა დაგმშვენდებოდა…
დაგმშვენდებოდა და რარიგად დაგმშვედებოდა.
შენს ერთ სიტყვაზე ქალაქები აშენდებოდა
და დაიწყებდა უდაბნოში შრიალს წალკოტი.
ერთი შეხედვით ვაჟკაცების გულებს დაჰკოდდი
და მზის თინათინს დაჩრდილავდი თვალთა ციალით.
დალოცდი ლაშქარს და იმ ღვთიურ ლოცვის გამგონებს,
არ ექნებოდათ სპათა შენთა მტერთა ზიანი.
***
შენ ხატაური აბრეშუმი დაგმშვენდებოდა…
დაგმშვენდებოდა… ეჰ,რარიგად დაგმშვედებოდა…
შენს ნატიფ სახეს ნიავიც რომ არ შეჰხებოდა,
სპილოს ძვლისაგან ულამაზეს კოშკს აგიგებდნენ.
ცისკარზე,როცა ქაშუეთის ზარებს დარეკდნენ,
აღიგზნებოდა შენის ლოცვით წმინდა ტაძარი
და შენს გვირგვინთან მორჩილებით ქედს მოიდრეკდნენ
ორბელიანი და ამაყი ამილახვარი.
შენ რუსთაველის სიყვარული დაგმშვენდებოდა…
დაგმშვენდებოდა და რარიგად დაგმშვენდებოდა,
ბევრი თაობა გაივლიდა ჟამის შარაგზას,
შენ კი ლექსებში იცოცხლებდი,კარგო,მარადჟამს…
დიდი პოეტი მიგიყვანდა ხალხის გულებთან,
ვარსკვლავებივით დაგვხედავდნენ შენი თვალები
და ვით დიდებას აწ გარდასულ საუკუნეთა,
სულ ერთი არის,მე შენ მაინც შეგიყვარებდი.
***
შენ საქართველოს დედოფლობა დაგმშვენდებოდა.