ტარას შევჩენკო – “უკვე ბალახს დაუფარავს”
უკვე ბალახს დაუფარავს
სამშობლოსკენ გზები.
შეიძლება საუკუნოდ
მე დამშორდნენ ძმები!
იქნებ მე არ მიწერია
ნახვა მშობელ მთების?
იქნებ მევე მომიხდება
კითხვა ამ ლექსების?
ვაი,მეტად გამიძნელდა
მე ცხოვრება,ღმერთო!
ვერ კეთილი,დანდობილი,
მაგრამ მე ვის ვენდო?
რად წამართვი ნორჩი ბედი,
საკუთარი ბედი?
არ მომეცი,არ მაკუთვნე
ქვეყნად ჩემი ხვედრი!
და წარვიდნენ ჩემი დღენი
უხალისოდ,მარტო,
აწ,ამ უცხო ქვეყანაში
ფიქრი მე ვის ვანდო?
არვინ არის,რომ ვუსურვო,
გულით დავენატრო!
მეძნელება,ზეცის ძალო
თვითონ ვზიდო ტვირთი
ამ ჭმუნვათა – და არავის
არ გავანდო ფიქრი.
არვის უთხრა სიტყვა წმინდა,
და საწყალი სული
არ ვახარო,არ ვამხილო
ბოროტება კრული.
მოვკვდე ასე!.. – ოჰ,უფალო!
მე მაღირსე ცქერა
თუნდ ჩაგრულის ჩვენის ხალხის,
უკრაინის მზერა!
ამაცდინე უცხო ქვეყნად
განწირვის ბედს მწარეს!
თუნდაც ერთხელ მე შევხედო
იმ სანატრელ მხარეს!