სულხან-საბა ორბელიანის ვიზიტი საფრანგეთის მეფესთან…
დიდი ქართველი მამულიშვილი, მწერალი, მეცნიერი და პოლიტიკური მოღვაწე – სულხან-საბა ორბელიანი (1658-1725 წლები), ბრწყინვალე პოლიგლოტი გახლდათ. მშობლიური ენის გარდა, იგი შესანიშნავად ფლობდა თურქულ, სპარსულ, სომხურ, ბერძნულ, ლათინურ, იტალიურ, არაბულ და რუსულ ენებს. (ავტორი გენია.ჯი) გარდა განსაკუთრებული დიპლომატიური ნიჭისა, ესეც გახლდათ ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ საქართველოში შექმნილი უმძიმესი პოლიტიკური ფონის გამო, ელჩად იქნა მივლენილი იმ პერიოდის ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი და გავლენიანი სახელმწიფოს – საფრანგეთის სამეფო კარზე ლუი XIV-სთან, იგივე “მეფე მზესთან”. 1714 წლის აპრილში, „საქართველოს მამა”, საკმაოდ ხანგრძლივი ლოდინის შემდგომ, ვერსალის სასახლეში შეხვდა ლუისთან. მეფე ნაავადმყოფარი იყო და მოღუშულადაც გამოიყურებოდა. დიდმა ქართველმა დიპლომატმა „უპირველეს ყოვლისა”, გამოჯანმრთელება მიულოცა ყოვლისშემძე ფრანგ მონარქს. ლუის მეტად ეამა უცხო სტუმრის ესოდენი თავაზიანობა, გაიღიმა და სუსტი ხმით წარმოთქვა: „თუმცა ერთ მტერს, ავადმყოფობას გადავურჩი, მაგრამ მეორე მტერი ,სიბერე დამესხა თავსო”.
„სიბერე რას დაგაკლებთო”, – არ დაიხია უკან ორბელიანმა.
„ასე იოლი არ გახლავთ სამოც წელს გადაბიჯებაო”, – მიუგო მეფემ, ათი წლის მოპარვით (ლუი იმ დროს სამოცდაათ წელს იყო უკვე გადაცილებული).
ამ სიტყვების წარმოთქმის შემდგომ, სულხან-საბამ ერთგვარი ქათინაურით უთხრა ლუის:
„ხელმწიფეო, თქვენი უდიდებულესობა მაგ სამოც წელს ისე მოხდენილად, ისეთი გრაციით ატარებს, რომ ყველა ისურვებდა მაგ ასაკში ყოფნას!”
ქართველი ელჩის ამ ბრწყინვალე სიტყვამ ყველა დაატყვევა – მეფეც და მისი სამეფო დარბაზიც.ამის შემდგომ ორბელიანმა ლუის მიართვა მოხსენება,რომელშიც ეწერა:
“საქართველოს მეფე ვახტანგი ისფაჰანშია და საქართველოს ერთიანად გამაჰმადიანება მოელის და დიდ განსაცდელშია.თუ დაბრუნდა თავის სამეფოში,ქართველები არა მარტო დარჩებიან ქრისტიანედ,არამედ კიდეც შეუერთდებიან კათოლიკე ეკლესიას თავიანთი მეფის მაგალითისამებრ,რომელიც საამისოდ მზად არის და რომელმაც აღუთქვა,რომ მობრუნდება თუ არა სამშობლოში,კათოლიკობა მიიღოს,რადგან იგი ამ თავის უბედურებას აწერს იმას,რომ აქამდე შეაყოვნა კათოლიკობის მიღება.მეფე,ამას გარდა,ფიქრობს ყოველი დახმარება აღმოუჩინოს მისიონერებს,რათა მოაქციონ მთელი ჩერქეზეთი,რომელიც საქართველოს საზღვარზეა და საიდანაც მეუღლე მოიყვანა.
იმედი მაქვს,ამ წერილმა წადილსა გვწიოს და დაავალოთ ყეინს,რათა თქვენის ბრძანების აღსასრულებლად ვახტანგი საქართველოში გამოგზავნოს.უკეთუ შეჰპირდებით საჩუქარს სპარსეთის დიდებულთ,მაშინ ამ დაპირების გამო ყეინს დაავალებენ,რომ მალე აღასრულოს.
ამნაირის საშუალებით ვერავინ გაიგებს,თუ რა დახმარების აღმოჩენა ეწადა თქვენს იმპერატორობას; ხოლო ამის ასრულებას მიანდობთ თქვენს მიერ არჩეულ პირს.სპარსეთში ჩვეულება აქვთ ხოლმე,რომ რომელსამე საქმის შესასრულებლად,ჯერ შეპირდებიან მარტო წერილით და არაფერს მსიცემენ,ვიდრე საქმეს ბოლომდე არ აასრულებენ.ამიტომ სპარსეთის გავლენიან პირთ ჯერ არაფერი უნდა მიეცეს,ვიდრე ვახტანგი თავის სამეფოში არ დაბრუნდება უვნებლო.
დავასახელოთ თუ რა გვარი დახმარება იქნება საჭირო.საჭიროა 300 000 ეკიუ და კიდეც კმარა.მაგრამ საქართველოს მეფემ რა ქნა ისეთი,რომ ღირსი გახდეს ამ წყალობისა? ეს ერთი ქრისტიანი მეფეა და, იმის საბუთად,რომ ისიც ღირსია დახმარებისა,ასახელებს ბევრ მეფებსა,მთავრებს,რომელთაც სხვადასხვა უბედურების დროს შეეწია და კვალად ეწევა ეგოდენის დიდებით მათი უქრისტიანესი ხელმწიფება.
თავისი გულმოდგინებისა და სახიერების გავლენით თუ აწ ინებებს ყოვლად ქრისტიანე ხელმწიფე და შეეწევა ამ მეფეს,საუკეთესო საშუალება ამის სისრულეში მოყვანისათვის არის,რომ ინებოს და ერთი თავისი საიმედო პირი გაგზავნოს და მასვე გაატანოს ვახტანგისათვის საჭირო ნივთიერი შემწეობა,რათა იმან შეძლოს სპარსელთა მოწინავე პირთა გულის მოგება; აგრეთვე სპარსეთის მეფეს ერთი წიგნი მისწეროს და სთხოვოს,რომ მან უბრძანოს საქართველოს მმართველებს,რათა ფრანგებს,რომლებიც იქ გაატარებენ თავიანთ საქონელს სპარსეთში წასაღებად,შიში არაფრისა ჰქონდეთ’”. (ავტორი გენია.ჯი)
აღნიშნული მიმართვის გაცნობის შემდეგ,საფრანგეთის მეფე ლუი XIV ცარიელი,გაყინული თვალებით მიშტერებოდა ამ უცნაურ აღმოსავლელ სტუმარს.თითქოს არაფერიც არ გაუგია,რაც იმ მოხსენებიდან წაუკითხეს.მერე თავისივე ხელით შედგენილი საქართველოს რუკა წარუდგინა ორბელიანმა ხელმწიფეს.მაგრამ ისევ გულგრილი,უაზრო თვალები უცქერდა ქართველი კაცის რუდუნებით გაშლილ “უცხო ქვეყანას”.
იმდღევანდელი აუდიენცია ასე დამთავრდა.თუმცა სულხან-საბამ ლუისთან მეორედაც მოითხოვა აუდიენცია.
ლუი XIV ისევ თავაზითა და პატივით შეეგება იშვიათ სტუმარს.რომის პაპის საშუამდგომლო წერილიც წაიკითხა,მაგრამ ისევ ყველაფერი ამაო გამოდგა.მისიონერებს გამოვგზავნიო საქართველოში,მხოლოდ ეს აღუთქვა მეფემ ორბელიანს.მას საქართველოსათვის არც ფულადი დახმარება უხსენებია და არც ყაენთან შუამდგომლობა ვახტანგ მეფის დასახმარებლად.უამრავი მტრისაგან გარემოცული საქართველო,ისევე როგორც ყოველთვის,კვლავაც საკუთარი თავის ამარა დარჩა… (ავტორი გენია.)
***
ორბელიანი
ლუდოვიკო მეთოთხმეტესთან
ალოდინეს და…
მეთხუთმეტე კაცად შევიდა…
ცამეტი ლუდოვიკო
კედლიდან იყურება;
ციცას ეფერება
ლუი მეთოთხმეტე;
ხალხს ხმა დაუკარგა
მეფის სიყრუემა,
მეფეს ხალხზე უფრო
კატა ეცოდება.
ხელმწიფემ
საბას ნაუბარი
მოისმინა რა,
– ოჰ…
ოჰ…
ოჰ…
ოჰო!… –
თქვა და
თითქოს კიდეც ინანა.
მაგრამ ამითი
არაფერი
გამოვიდა რა
(საბას ხმა
როდი წააგავდა
კნავილს კატისას);
რაც შეიტანა,
ისევე ის გამოიტანა
იმ სახელგანთქმულ ვერსალიდან
ელჩმან ქართლისამ.
– წვიმა არ არი!
საბას კაბა
დაუსველა რამ?!
– თოვლი არ არი!
საბას თავი
გაუთეთრა რამ?!
– ყინვა არ არი!
სულხან-საბას
აკანკალებს რა?!
– რამ დაასველა?!
რამ დათეთრა?!
რა აკანკალებს?!
საქართველოა
მისთვის წვიმაც,
თოვლიც და ყინვაც!..
…მზე ეთხოვება
ალბათ ახლა
ტურფა ტანძიას…
ეს სიცხადეა,
სულხან-საბავ,
თუ ფანტაზია?!
დედის ცრემლები
ყაყაჩოს და ბალახებს აწვიმს,
ალვის ჩეროში
სტირის დედა
შვილს მოტაცებულს,
სტამბოლში
შვილი დედას სტირის, -
ჰყიდიან ყმაწვილს
(სჭვრეტენ ჯვარის წინ
წმიდა ნინოს –
მუხლზე დაცემულს).
– რამდენს აფასებ მაგ პატარას? –
ჰკითხა სპარსულად
საბამ სპარსელს და
მოუთმენლად ელოდა პასუხს.
– უი, ქართველი მეგონა და
სპარსი ყოფილა, -
წარმოსთქვა ბალღმა,
ყური მოჰკრა რა საბას სპარსულს.
– არა, პატარავ,
ქართველი ვარ,
ქართველი,
გესმის?
– უი, დედასთან წამიყვანე,
წამიყვან, ძია?.. –
საბას ცრემლები მოეძალა,
ატირდა კაცი, -
თავის ბალღობა გაახსენდა,
თავის ტანძია.
ვით ეს ყმაწვილი –
საქართველოც
ასე მცირეა,
საქართველოსაც,
ვით ამ ყმაწვილს,
ასე ჰყიდიან;
საფრანგეთს ვთხოვოთ:
გვიშველისო,
– სასაცილოა!
შენი ვხტანგი
ლუდოვიკოს
ფეხზე ჰკიდია!
ასე ფიქრობდა სულხან-საბა
ხელჯოხიანი;
მხარდამხარ საბას
ის პაწია ბიჭი მოსდევდა…
– მოგწყინდა განა უნაყოფოდ,
ელჩო, ყიალი?!
– გულს ნუ გაიტეხ!
– მუხა კვლავაც შეიმოსება!
(მუხრან მაჭავარიანი)