მარინა ყიფიანი-მაისურაძე – “შვილმკვდარ დედებს”

შვილმკვდარ დედას არ ახარებს არც აღდგომა,

არც ახალ წლის ნაირ-ნაირ ფერები,

ყველას გულში გიხუტებთ და სათითაოდ,

თქვენს დაჭრილ გულს ლექსად მოვეფერები.

***

შეგიმშრალოთ მინდა თვალზე სიმწრის ცრემლი,

ვიზიარო თქვენი დარდი ნუგეშით,

თანადგომა,თანაგრძნობა გაგიცხადოთ,

ძალა მოგცეთ,ჩაგწვდეთ გულის უბეში.

***

ამბობენ,რომ დრო მკურნალი წამალია,

დაგავიწყებს წლებს,წარსულში ნაწამებს,

შვილმკვდარ დედას სიცოცხლე რომ აღარ უღირს,

როგორ წაშლის დრო ჭრილობის ნაკვალევს?

***

მათ ხომ მხოლოდ სიზმრის ნახვა თუ ახარებთ,

დაკარგული შვილის სახე იხილონ,

მოეფერონ,ჩაიხუტონ და სიზმარშიც

გულამოსკვნით,გულიანად იტირონ.

***

ღმერთო! – შვილით დედის გულს ნუ გაამწარებ,

ის ხომ მისი აზრი არის სიცოცხლის,

ღვთისმშობელო,გევედრები,შეიცოდე,

ეს გრძნობა ხომ შენ პირველმა იცოდი.