სოფიო ფუტკარაძე – “მე შემიძლია”
მე შემიძლია შუაღამე დილად ვაქციო,
უკვე მოხუცი შევერცხლილი,ვიქცე პატარად,
მე შემიძლია ის უღელი მარტომ გავწიო,
მთელმა მსოფლიომ დაოთხილმაც,რომ ვერ ატარა.
***
მე შემიძლია იმედები დავჭრა დარდებით,
და დარდებს ვთხოვო უსასრულოდ,იქცნენ იმედად,
მე შემიძლია უდაბნოში ვთესო ვარდები
და აყვავება ვიზეიმო მათი იებად.
***
მე შემიძლია ადაჯიო პრესტოდ დავღვარო
და პრესტოები ადაჯიოდ გულში ჩაგიწნა,
მე შემიძლია ჯერ ვენერულ კოცნით დაგღალო,
მერე ამტყდარი მგზნებარება გულში ჩაგიწვა.
***
მე შემიძლია ჩემი თავი თავად გავნგმირო
და გატრუნული უძრაობა ვიქცე ფენიქსად,
მე შემიძლია ობელისკი,რომ გავაგმირო
და თუ ვისურვებ ავასვეტო კვლავ ობელისკად!
***
მე შემიძლია მერმისები აწმყოდ გავლექსო,
წარსულის დღეთა მოგონება გაგახედნინო,
მე შემიძლია მორცხვი სული ჯანყით დაგგეშო,
უზენაესი ნეტარება გაგაბედინო.
***
მე შემიძლია ვიხმო მუზა უკუნ ღამეში,
დარდთა დასეტყვით კიდევ ერთი ლექსი მოვნათლო
და მოლბერტებზე გადაშოლტილ თეთრ ტილოებზე,
ლურჯად ელვარე მარინები ფუნჯით მოვხატო.
***
მე შემიძლია ვიყო მარტიც და იანვარი
ჯერ არ განცდილი სითბოების კერად გიქციო,
მე შემიძლია უძრაობას დავქროლო ქარით
და სიძულვილი სიყვარულად გადაგიქციო.
***
მე ყველაფერი შემიძლია,არ გინდა გარჯა
ხელის გულივით გადაგიშლი მთელს ჩვენ სამყაროს,
მე ყველაფერი შემიძლია იმ ერთის გარდა:
არ მძალუძს შენი მონატრება რამით შევცვალო…