ლადო ასათიანი – “სალაღობო”

ხომ ლამაზია ეს ჩემი ცოლი,მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა, -

ატმის ხესავით აფეთქებული და მოქნეული გავაზივითა,

ხომ ლამაზია ეს საქართველო,მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა, -

ფართოდ გაშლილი და მოხატული თამარ დედოფლის დარბაზივითა.

***

“კაცის გული ასეთია,

ვით მორევი შავი ზღვისა:

რაგინდ კარგი ცოლი ჰყავდეს,

მაინც მოუნდება სხვისა!”

***

დაუკარით,რომ ძველ ხანჯალს ელდა ეცეს,

გაისარჯოს და ბრძოლაში დაიხარჯოს!

გაუმარჯოს საქართველოს მზეს და ზეცას

საქართველოს ძლიერებას გაუმარჯოს!

***

დაუკარით! ჯერ ხომ სისხლი გვიდგას ძარღვში,

ჯერ ხომ საროს ფოთლები არ გასცვენია,

ჯერ ხომ მცხეთის სვეტიცხოვლის დიდ ტაძარში

საქართველოს ცხელი გული ასვენია!

***

დაუკარით! და იმღერეთ ისე მაგრად,

რომ ფილტვები გვეტკინოს და დაგვებეროს!

დაუკარით,რომ ჭაბუკნი ვიყოთ მარად,

რომ ცხოვრებამ ვერასდროს ვერ დაგვაბეროს!

***

დაუკარით! და იმღერეთ მადიანი,

ფიცხელ ომში რომ მღეროდა მაჩაბელი.

დაუკარით ძველებური დარდიანი,

დაუკარით არწივების ასაფრენი!

***

ცხრა ლახვარი რომ დამარტყან ცხრაჯერ გულში,

მტრის ჯინაზე ცხრაჯერ მწარედ გავიცინებ.

დავიღლები საქართველოს სიყვარულში,

სასთუმალზე ერთხელაც არ დავიძინებ!

***

დუკარით! მოასწარით,თორემ ჰერი…

და სიბერეც ძუ მგელივით მოგვიხტება.

დაუკარით ძველებური მოსალხენი:

- შავგვრემანებს შავი ჩოხა მოგვიხდება!

***

დაუკარით ძველებური ლოთიანი,

საათნოვა რომ მღეროდა შაითანთან,

დაუკარით! განა ყველა ლოთი არი?!

განა ყველა სიყვარულით დაიშანთა?!

***

დაუკარით ძველებური ლოთიანი,

თორემ დარდი ღრუბელივით გასივდება,

გაფრინდება სიყმაწვილე შფოთიანი,

წრფელი გული,ცხელი გული გაცივდება!

***

“ვაჟკაცსა გული რკინისა,

აბჯარი უნდა ხისანი,

თვალნი ქორებულ მხედავნი,

ზედ მუხლნი შავარდნისანი”,

***

ხომ ლამაზია ეს ჩემი ცოლი,მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა, -

ატმის ხესავით აფეთქებული და მოქნეული გავაზივითა,

ხომ ლამაზია ეს საქართველო,მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა, -

ფართოდ გაშლილი და მოხატული თამარ დედოფლის დარბაზივითა.