რემბრანდტ ჰარმენს ვან რეინი – “არისტოტელე ჰომეროსის ბიუსტთან”
“არისტოტელე ჰომეროსის ბიუსტთან” – წარმოადგენს გენიალური ნიდერლანდელი მხატვრის,ფერწერისა და გრავიურის ოსტატის,ბაროკოს ეპოქის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენლის - რემბრანდტ ჰარმენს ვან რეინის (1606-1669 წლები) მიერ ზეთის საღებავებით ტილოზე დახატულ შედევრ-სურათს. (ავტორი გენია.ჯი) მხატვარმა მასზე მუშაობა 1653 წელს დაიწყო და იმავე წელს დაასრულა.სურათის სიმაღლე 143,5 სანტიმეტრია,ხოლო სიგანე 136,5 სანტიმეტრი.აღნიშნული პორტრეტი,რემბრანდტისათვის დამახასიათებელი ტიპიური შემოქმედების ნაწილია.ამ შემთხვევაში მან პორტრეტი ისტორიული სიუჟეტით შენიღბა. 1652 წელს რემბრანდტს ამსტერდამში ეწვია,სიცილიელი არისტოკრატისაგან – ანტონიო რუფოსაგან გაგზავნილი სპეციალური აგენტი (აქვე მინდა ავღნიშნო,რომ რუფო დიდი თაყვანისმცემელი გახლდათ მისი შემოქმედებისა).აგენტის მისიას წარმოადგენდა მხატვრისათვის ისეთი სურათის დახატვის შეკვეთის მიცემა,სადაც გამოსახული იქნებოდა რომელიმე გენიალური ფილოსოფოსი.შეკვეთის შესრულებაზე ვან რეინმა თანხმობა განაცხადა და გასამრჯელოდ 500 ფლორინიც მიიღო.იმ პერიოდისათვის აღნიშნული თანხა მართლაც შთამბეჭდავი იყო,რადგან იტალიაში ანალოგიური სიუჟეტის მქონე ტილოს შექმნა,შემკვეთს საშუალოდ რვაჯერ ნაკლები დაუჯდებოდა.თუმცა როგორც ზემოთ ავღნიშნე,ანტონიო რუფო ამას არად დაგიდევდათ,რადგან ძალიან დიდი თაყვანისმცემელი იყო რემბრანდტის შემოქმედებისა. 1653 წელს ვან რეინმა სურათზე მუშაობას მორჩა და ზღვის საშუალებით გაგზავნა იტალიის ქალაქ მესინაში.მას შემდეგ,რაც რუფომ იხილა ტილო – “არისტოტელე ჰომეროსის ბიუსტთან”,იგი აღფრთოვანებული დარჩა და რემბრანდტს კიდევ ორი სურათის დახატვა შეუკვეთა.აქვე მიუთითა,რომ ერთ სურათზე ასახული უნდა ყოფილიყო ალექსანდრე მაკედონელი,ხოლო მეორეზე კი ჰომეროსი.ცნობისათვის,რემბრანდტმა ორივე სურათი დახატა,თუმცა სამწუხაროდ ალექსანდრე მაკედონელის სურათს,რომელიც 1561 წელს შეიქმნა,ჩვენამდე არ მოუღწევია. (ავტორი გენია.ჯი) ის ფაქტი,რომ რემბრანდტი შეკვეთებს იტალიიდანაც იღებდა,დამადასტურებელი ფაქტია იმისა,თუ რაოდენ სახელოვანი და აღიარებული მხატვარი იყო სიცოცხლეშივე.
სურათის უკანა ფონზე მოჩანს შავი ფარდა და კუთხეში დაწყობილი წიგნები.ცენტრში,შლიაპით თავზე და მდიდრული ტანისამოსით,მათ შორის მასიური ოქროს ჯაჭვით,რომელზეც გამოკვეთილი იყო ალექსანდრე მაკედონელის პორტრეტი,გამოსახულია ლეგენდად ქცეული ძველბერძენი ფილოსოფოსი არისტოტელე,რომელსაც მარჯვენა ხელი გენიალური ძველბერძენი პოეტის – ჰომეროსის ბიუსტზე აქვს დადებული.როგორც ცნობილია,სურათზე გამოსახული ბიუსტი ჰომეროსისა, 1565 წლამდე ანუ მხატვრის გაბანკროტებამდე,რემბრანდტის კოლექციაში იყო დაცული.
XVIII საუკუნის ბოლომდე რემბრანდტის შედევრი-სურათი “არისტოტელე ჰომეროსის ბიუსტთან”,რუფოს საგვარეულო საკუთრებას წარმოადგენდა. 1810 წელს “კრისტის” აუქციონის სახლმა სურათი გასაყიდად გამოიტანა,თუმცა იმ დროს ტილო სხვა სახელწოდებით,კერძოდ “სკულპტორი ბიუსტის წინ” გაიტანეს გასაყიდად. XIX საუკუნის განმავლობაში,სურათი დაცული იყო ინგლისელი გრაფების – ბრაუნლოუების ქალაქგარეთ რეზიდენციაში – ერშიჯ-პარკში. 1961 წელს კი,ტილო შეძენილ იქნა ნიუ-ორკში განთავსებული “მეტროპოლიტენ-მუზეუმის” მიერ,იმ დროისათვის სარეკორდო ფასად – 2,3 მილიონ $-ად.მანამდე, 30 წლის განმავლობაში ყველაზე ძვირადღირებულ ნახატად რაფაელ სანტის შედევრი-სურათი – “მადონა ალბა” მიიჩნეოდა,თუმცა რემბრანდტის ტილომ ეს რეკორდი დაამხო.ტილოს შეძენამ ძალიან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ამერიკულ პრესაში და უდიდესი რაოდენობითაც მიიზიდა მნახველი.მას შემდეგ,რემბრანდტ ჰარმენს ვან რეინის დიდებული სურათი – “არისტოტელე ჰომეროსის ბიუსტთან”,მეტროპოლიტენ-მუზეუმშია დაცული და კვლავაც აგრძელებს დამთვალიერებელის მოხიბვლას. (ავტორი გენია.ჯი)