უილიამ შექსპირი – “სონეტი LXX”
ნუ დაღონდები,თუ აუგად გახსენეს ისევ,
სინათლის ძრახვა ხომ წესია ბნელი გონების…
ეჭვის აჩრდილებს სილამაზეც იფერებს ისე,
თითქოს ლაჟვარდებს შესევია გუნდი ყორნების.
***
ლამაზ ვარდებშიც დაიბუდეს თითქოს მატლებმა,
შენც ბოროტებას თითქოს კეთილ მძევლად ხლებიხარ
და მაინც ცოდვა შენ წყალობად მოგემადლება,
რადგან საწუთროს გაზაფხულად მოვლინებიხარ.
***
შენ უკვე გასცდი სიყმაწვილის დღეთა ცდუნებებს -
გზად დასაძლევი რაც შემოგხვდა,ყველა იძლია,
მაგრამ ცხოვრებას ჯერ ვერსაით ჰპოვებ უვნებელს,
ცილისწამების დაძლევა თუ არ შეგიძლია.
***
რომ არ გყოლოდა მოშურნეთა ჯარი მხლებელად,
შენ დაგრჩებოდა ყველა გული საბრძანებელად…