თენგიზ ბეგლარიშვილი – “ზოგჯერ კაცს კლავენ”…

ზოგჯერ კაცს კლავენ…

განა ხანჯლით, – მტრული მოპყრობით,

დემონის ძმობით,

ბოროტების ღმერთის მოყვრობით,

დაცინვით, გესლით,

შურითა და ათას ოხრობით…

ზოგჯერ კაცს კლავენ

განა ხანჯლით, – მტრული მოპყრობით…

***

გულში ხარობენ

და ჰგონიათ ვერავინ ხვდება,

რას იზამთ,

ზოგჯერ ცხოვრებაში ასეც კი ხდება!

***

მერე კუბოსთან თავებს ხრიან

დარბაისლურად:

“გულმა უმტყუნა,

ეს, საწყალმა გულს ვერ აჯობა”…

თითქოს ეს გული

მათი ისრით არ დაისრულა…

ო, რა ყალბია,

ო, როგორ მძულს ეს ჯამბაზობა!

***

სამარის პირას

თავს ადგანან ცხედარს მწუხარედ,

ესეც განგების სურვილია,

ესეც ბედია…

“ძვირფასო ძმაო!” -

მიკროფონთან ისმის მქუხარედ…

ო, რა ყალბია,

ო, როგორ მძულს ეს კომედია!

***

ნახეს ტრიბუნა,

უნდათ კიდევ მეტი სახელი,

უნდათ ხალხის ზღვას

ამცნონ თავის ნიჭიც, კაცობაც…

მთრტოლვარე ხმაში გაირიეს

სევდა-ნაღველი…

ო, რა ყალბია,

ო, როგორ მძულს ეს თვალთმაქცობა!

***

ზოგჯერ კაცს კლავენ…

განა ხანჯლით, – მტრული მოპყრობით,

დემონის ძმობით,

ბოროტების ღმერთის მოყვრობით,

დაცინვით, გესლით,

შურითა და ათას ოხრობით,

ზოგჯერ კაცს კლავენ…

განა ხანჯლით, – მტრული მოპყრობით.

***

გულში ხარობენ და ჰგონიათ

ვერავინ ხვდება…

რას იზამთ,

ზოგჯერ ცხოვრებაში ასეც კი ხდება!