მამა პეტრე (კვარაცხელია) – “ბავშვი ვარ და”…
ბავშვი ვარ და ყველაფერი მაპატიე,
ან შეშლილი ფოთოლცვენის აჩრდილი,
წუხელ ღამე სამრეკლოზე გავათიე,
ცისკენ მქონდა მკვდარი ხელი გაწვდილი…
***
ბავშვი ვარ და მაწანწალას დავემსგავსე,
ო,რამდენჯერ მოვიარე თბილისი,
ცივ ნოემბერს შევეფეთე მთაწმინდაზე,
მერე უცებ მომენატრა ივნისი.
***
ბავშვი ვარ და ყველა გრძნობა ამიხდინე,
გააქანე შორს,შორს ლურჯა ცხენები,
გევედრები ყველა წყენა დაითმინე
და დრო გადის ესევ ციებ-ცხელებით.
***
ბავშვი ვარ და შენც ბავშვობა გამიწიე,
დამანახე უკვდავების აჩრდილი,
სამრეკლოდან სხვა სივრცისკენ გამიწვია,
რა ხანია ხელები მაქვს გაწვდილი.