ანდრო ბუაჩიძე – “ო,რა მარტოა”…

ო,რა მარტოა,ღმერთო ჩემო,ადამიანი,

ისიც,რომელიც თითქოს ქვეყნად არ არის მარტო,

სამგლოვიარო რიტუალმა გადაიარა

და შენ იკავებ შენთვის მკაცრად მოზომილ ფართობს.

***

ყველაზე ერთგულს და ყველაზე უფრო ახლობელს

გაჰყვება შენი ნიღაბივით ჩამქრალი სახე,

და ახსოვს,რადგან სახე მუდამ უნდა ახსოვდეს

გარდაცვლილისაც – ნაკვეთებში რომ იგროვებს ნაღველს…

***

აჰა,მურდალი ბედისწერის ნამოქმედარი,

მან სისაძაგლე ჩაიდინა,როგორც გმირობა,

ის მთელი ღამე ცხენზე იჯდა, – უნდო მხედარი,

მერე ელოდა ცრემლს,სინანულს და… გულგრილობას!

***

ო,რა მარტოა,ღმერთო ჩემო,ადამიანი,

ისიც,რომელიც არ ამხელდა ამ მარტოობას,

უკვე დაკრძალვის რიტუალმაც გადაიარა,

ბედისწერა კი მაინც ახვევს ქსელს,ვით ობობა.

***

და მოჰყავს თოვლი! ავანსცენას ანათებს თოვლი!

შუაღამისას აფენს საფლავს მაღალ ფარაჯას…

რადგან მარტომყოფს უსათუოდ სჭირდება ტოლი,

თავსასთუმალთან რომ მიუწვეს ერთგულ დარაჯად…