ვასილ ბესელია – “გშორდები…”

გშორდები…

ღმერთიც ვერაფრით მიხსნის,

მე ახლა მრუმე ნისლებში ვწევარ…

ასე

აღებულს ჟინით და სისხლით

მთასვლელი ტოვებს სანუკვარ მწვერვალს.

***

გშორდები…

ზარებს დაწყვიტავს მნათე,

და ლოცვა ძილში ჩამყვება შვებად…

ასე

ტოვებენ საფლავზე სანთელს,

როდესაც გული საფლავში რჩებათ…

***

გშორდები…

მიმაქვს ტკივილი ცალფა,

ვნებდები გამჩენს და თვალებს ვხუჭავ.

ასე

ტოვებენ სამშობლოს ალბათ,

და მიწა მიაქვთ,ორიოდ მუჭა…