სერგეი ესენინი – “ცეცხლს გაუკრთა უკვე ლურჯი ფერი”
ცეცხლს გაუკრთა უკვე ლურჯი ფერი,
დაიბინდა მშობლიური სივრცე.
მე დღეიდან სიყვარულზე ვმღერი
და სკანდალებს დავიწყებას მივცემ.
***
ადრე ვგავდი ხეს დალეწილ შტოთი,
ქალები და დროსტარება დამრჩა.
აღარ მინდა ლოთობა და შფოთი
და სიცოცხლის უთავბოლო ხარჯვა.
***
მინდა მხოლოდ გიცქეროდე ასე,
ჩავიძირო მაგ თვალების ტბაში,
რომ გამდგარმა წარსულისგან განზე
არასოდეს არ გამცვალო სხვაში.
***
მონარნარევ, მომცემელო შვების,
იქნებ შენი გული უკვე ჩახვდა –
ვით შეიპყრო სიყვარულმა შლეგი,
რა მორჩილი ხულიგანი გახდა.
***
სამუდამოდ უარს ვეტყვი ღვინოს
და ლექსებსაც არასოდეს დავწერ,
მხოლოდ გვედრი, კარგო, არ გეწყინოს,
რომ ვეფერო მაგ თმებსა და ღაწვებს.
***
უცხო გზებზე ერთად ვთელოთ მტვერი,
გადავლახოთ შორეული სივრცე…
მე დღეიდან სიყვარულზე ვმღერი
და სკანდალებს დავიწყებას მივცემ.