დიმიტრი ყიფიანის პასუხი ეგზარქოსს პავლეს…
თბილისის საულიერო სამინარიის სტუდენტის – იოსებ ლაღიაშვილის მიერ სემინარიის რექტორის პავლე ჩუდეცკის ხანჯლით განგმირვის შემდგომ (იოსებს 20 წლიანი კატორღა მიუსაჯეს სახალინში ჩადენილის გამო), იმ პერიოდის „ქართველთმოძულე” და „ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის” უდიდესმა მტერმა – ეგზარქოსმა პავლემ, ქართველი ერი ანათემას გადასცა და დასწყევლა. კერძოდ, ჩუდეცკის დაკრძალვის დღეს ეგზარქოსმა პავლემ განაცხადა:
„დაიწყევლოს სამუდამოდ შენი მკლავიცა და ის ოჯახიცა, რომელმაც შობა იგი, რომელმაც დაბადა ის ქვეყანა, რომელმაც გამოზარდა მკვლელი”.
ისევე, როგორც ყოველმა ქართველმა, უზომოდ განიცადა ეგზარქოსის მიერ წარმოთქმული „წყევლა ქართველი ერისა” დიდმა ქართველმა მამულიშვილმა და საზოგადო მოღვაწემაც დიმიტრი ყიფიანმაც. თუმცა მან სხვებისაგან განსხვავებით, მართლაც დიდებული საჯარო პასუხი გასცა მაწყევარ ეგზარქოსს, რომლის გამოც იგი საბოლოოდ იქნა განწირული ტანჯვის, გოდებისა და სიკვდილისთვისაც კი. დიმიტრი ყიფიანის მიერ 1886 წლის 8 ივნისით დათარიღებული საჯარო განცხადება ეგზარქოს პავლესადმი ასე ჟღერდა:
„თქვენო მეუფებავ, მოიღეთ ჩემზე მწყემსთავრული მოწყალეობა და, თუ გატაცებული დაუჯერებლობის ხმებით, ვცოდავ, შემინდეთ ჩემი დიდი შეცდომა, მაგრამ ამბობენ, რომ თქვენ დასწყევლეთ ქვეყანა, რომელშიაც საწმყსოთ ხართ მოწოდებული და რომელიც მარტოოდენ სიყვარულსა და შეწყალებას მოელოდა თქვენგან, ქრისტეს მსახურისა და წარმომადგენლისაგან, – იგივე ხმები არ კმაყოფილდებიან თქვენი ღირსების შეურაცხოფით, იმასაც ამბობენ, ვითომ თქვენ განზრახვა გქონდეთ ბოდიში მოიხადოთ საწმყოს წინაშე იმ უცოდველის სიტყვების გამო, რომელიც ვითომ წარმოსთქვით, – თუ ყოველივე ეს, მეუფევ, მართალია, თქვენი თანამდებობის ღირსების გადარჩენა მხოლოდ იმით შეიძლება, რომ შეურაცმხოფელი ადამიანი შეურაცხოფილი ქვეყნიდან დაუყონებლივ იქნას გასული. ამას მოგახსენებთ წრფელის გულით თქვენის საწმყოისა ერთი წევრი, რომელსაც უნდა თავიდამ ააცილოს ქვეყანას დიდი შეცოდება”.
მოგვიანებით, მაშინ როდესაც დიმიტრი ყიფიანი ვერაგულად იქნა მოკლული გადასახლებაში, კერძოდ სტავროპოლში 1887 წლის 24 ოქტომბერს ძველი სტილით, აკაკი წერეთელმა განაცხადა: „ის ტვინი, რომელიც საქართველოზე ჰფიქრობდა, თავზე გადაანთხიეს… იმ გულზე, რომელიც სამშობლოსათვის სძგერდა, ცივი ხელები გულზე დააკრეფინეს”…
ილია ჭავჭავაძე კი იტყვის:
„დიმიტრი იყო ჩვენი ხუროთმოძღვარი, ჩვენ კი მისი კალატოზები”.
მისი გარდაცვალების ცნობის გავრცელებისას – საქართველოში – „უმაღლესად მეტყველი მწუხარება” ჩამოწოლილიყო…