თემურ ელიავა – “უხამსი ფიქრებით ავიტან ალიონს”

უხამსი ფიქრებით ავიტან ალიონს,

მაესტროს მორალი ყელში მაქვს გაჩრილი.

მინდა,რომ სიბილწემ აზრები არიოს,

შურიდან დამაწყდეს ბახუსის აჩრდილი…

***

მიწიდან,გამტვერილს სიზმარი ამათრევს,

რამდენი დარაბაც არ უნდა დაზოგოთ,

ყოველი ნაგავის მოწევას ვამართლებ,

ჩაპლინის იერით ლოთი,რომ მთავაზობს…

***

ინდიელ შამანის პაროდისტს მოვგავდი,

ცუდად რომ ასრულებს უსწავლელ რევერანსს,

ოტელო რომ ვიყო სუფლიორს მოვკლავდი,

სიცილს,რომ მიჩემებს,ყოველ წუთს,ყოველ წამს.

***

კბილებით ვიკავებ,ძუნწ სიტყვებს ვერევი,

რაიკინის ნაცვლად კი ვკითხულობ ყანწელებს…

რა ვქნა თუ დააწყდა რეჟისორს ნერვები,

კლოუნი დაბოღმილ მონოლოგს აგრძელებს.

***

ნერვები მოშლილი ვის ააქვს? არავის,

უბრალოდ ვერ ვიტან ვერლიბრის ავტორებს,

უღრანში ვიპოვე ვისოცკის კარავი,

უსაზღვრო ბოღმაში წამითაც არ მტოვებს…

***

- გამხდარი მაესტრო სცენაზე ავარდა,

თეატრის კოლონებს მიჯნაზე დაამხობს,

მაესტრო დამშვიდდით,თეატრი ჩავარდა…

 - მე ჩემი დაცემის ტრიუმფით ვამაყობ.