გივი გეგეჭკორი – “ნოდარ დუმბაძის შესახებ”…
“ბედნიერია ის ხალხი,რომელსაც ცხოვრების ის ხალისი,ის მხნეობა და სიცოცხლის ის წყურვილი აქვს,ნოდარ დუმბაძემ რომ გამოხატა, და ბედნიერია ის ხალხი,ვისაც ცხოვრების ამ ხალისის,ამ მხნეობის და სიცოცხლის ამ წყურვილის ნოდარ დუმბაძისნაირი გამომხატველი დაებადება.
მის სიტყვაში გამჟღავნებულია ჩვენი ეროვნული ხასიათი,მისი სულიერი სიჯანსაღე,ის ეროვნული ენერგია,რამაც ქართველი კაცი გადაარჩინა და აქამდე მოიყვანა; მის ხელში სხარტსა და ცინცხალ ქართულ სიტყვას ჰქონდა ქართული ხალხური ზღაპრის სიბრძნე და კეთილშობილება,კრიმანჭულის სიმკვირცხლე და სიმსუბუქე.ქართველ მეზღაპრეს და კრიმანჭულის შემსრულებელ კაცს იმედი და ხალისი არასოდეს დაუკარგავს, (ავტორი გენია.ჯი) სიკვდილის აზრს არასოდეს შერიგებია,სიკვდილის შიშს მორევია,მწუხარებას გამკლავებია და გათელილი,ისევ ფეხზე წამომდგარა.
ნოდარ დუმბაძე იყო საუკუნეების წყვდიადიდან წამოსული ქართველი სიტყვის მახარობელი,პირზე ღიმილგადაფენილი მხედარი,რომელიც სიტყვას მზეზე სატევარივით აცინებდა და აკაშკაშებდა.
სიკვდილი მან დაინახა შვიდფეროვანი კაბით შემოსილ,უზარმაზარი თეთრი ბაბთებით გამოწყობილ,ოქროსთმიან,ლურჯთვალა,ვარდისფერ და გამჭირვალე,ფეხშიშველა გოგონად,რომელიც ყვავილოვან ველზე,ცაცხვის ძირში მოდის და ისე მღერის,რომ შეიძლება სიკვდილი ინატრო,თუ გეცოდინება,რომ ამ სიკვდილით განცდილი ნეტარება გაგრძელდება.გოგონა ამ რამდენიმე წლის წინ გაბზარულ მის გულს თავის ლამაზ ვარდისფერ ხელს ადებს და მწერალი ევედრება: “წამიყვანე,ჩემო პატარა,ლამაზო გოგო,შენი მარადიული ფერების ქვეყანაში,წამიყვანე თან,შენ შემოგევლე…”
გოგონას კითხვაზე: “კი მაგრამ,დატოვებ შენს სახლს და წამოხვალ ჩემთან,ადამიანო?” მწერალი პასუხობს: “თუკი გული არ გამიმრთელდება და მაინც უნდა მოვკვდე,განა სულ ერთი არ არის ჩემთვის?.. წამიყვანე,ვიდრე მოვმკდარვარ,გავხრწნილვარ და კვლავ მიწად ვქცეულვარ; მომეცი ფერი შენი,ჰაეროვნება შენი,უკვდავება შენი და წამიყვანე.მე მეშინია სიკვდილის… წამიყვანე!”
სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში,როცა იგი ოქროსთმიან ლურჯთვალა,ვარდისფერ და გამჭირვალე,ფეხშიშველ გოგონას ელოდებოდა,მას სიკვდილის ეს შიში არ გაუმჟღავნებია.მის გვერდით თითქოს სიკვდილიც ისე იოლი იყო,როგორც სიცოცხლე.თავისი ხუმრობით,თავისი ქცევით,ბოლომდე არ გვაძლევდა საშუალებას გაგვეზიარებინა,რომ ახლოს იყო დასასრული.მაგრამ თურმე ოქროსფერთმიანი გოგონა უკვე ოთახში შემოსვლას აპირებდა.
იგი სდუმდა და დაქანცული თვალებით ჩემს მიღმა კედელს შეჰყურებდა. (ავტორი გენია.ჯი) მე ავდექი და ვუთხარი: ახლა წავალ-მეთქი.
მან შემომხედა,ჩვენი სიჭაბუკისდროინდელი,თბილისური ჟარგონით და მითხრა: “წადი იუზგარ!”, და ამ გამომშვიდობებაში ისეთი სიყვარული ჩააქსოვა და ისეთი ალერსიანი მზერა გამომაყოლა,რომ თავი ვერასოდეს დამეღწია და სიკვდილამდე მეტარებინა”…