“დჰამაპადა” – (ძველი ბუდისტური ლიტერატურული ძეგლი – ეტიუდები)
წვეთვეწობით დამწიფდება ბოროტების თესლი,
უცებ კი არ დაასუსტებს რწმენას მისი გესლი;
მაგრამ არის გარდუვალი საშინელი წამი,
მღვრიე ტალღად რომ იქცევა დამღუპველი შხამი,
მოკრუნჩხავს და მოდრეკს სოფელს,მოზღვავებულს ჯარად,
წითელ ბალახს ნიღბად არგებს,ბრძოლის ველზე ჯალათს.
ვერც იკვნესებ,ვერც იყვირებ,არის ზედახოცვა,
დავიწყებას მიეცემა სიამე და ლოცვა.
***
ჯერარშობილთა ჩრდილების ჭვრეტა,
ხორცშეუსხმელის ხილვა იერის,
რომ მოიხილო სავალი ზედა
დიად სამყაროს სიცარიელის! -
აი,გზა სწორი და ერთადერთი,
რომ მიატოვო ბედის გალია,
დათმო სურვილი,შემთხვევა,ბედი,
რომელთა ძლევა გარდუვალია!
***
შენი ძე – შენი არაა,შენი სიმდიდრე – ფერფლია,
თვით შენ – შენ არ ხარ! ეს ხალხიც – გამოძახილის ხმებია!