დავით მჭედლური – “დაკარგულთათვის”

შენ გიგონებ მერეხის ჟამს

ჩაგრეხილო ელვის წნელო,

ცის უფსკრულში ჩაკიდულო,

მწვერვალებში ჩასაწვნელო,

***

ან ახალო,რას მომიტან,

ან რა მიგაქვს,ძველო წელო,

უნდა ვიჯდე,ეს სიტყვებიც

ისევ თოვლზე უნდა ვწერო.

***

თოვლთან ერთად დასადნობად,

ან მერეხით გასაცრეცად,

მეც ბუნების შვილი ვიყავ,

ტანზე მეც ფოთოლი მეცვა,

დღეს კი მუხლი დამეღალა,

უშტარუვით მხარი მექცა,

აღარც მიწა საზრდოს მაწვდის,

არ მაწოვებს ძუძუს მე ცა.

***

ჩვენ უაზროდ დავიკარგეთ,

ახლა ერთურთს ბნელში ვეძებთ,

მაგრამ ყველგან გველი შემხვდა,

სადაც ხელი მოვაცეცე,

მეც ვირბოლე უგზო გზები,

ჩემი დასაკეცი ვკეცე,

ვინძლო სადმე წყალმა მთაროს,

ან თუ ნაღვერდალში ვეცე?!

***

ანდა კაცი ვით წაუვა,

დროის მეხსა და დროის გრიგალს,

ფრთები დაცხრა და ამაყი,

მხრებიც ბევრი მოიდრიკა,

მალე,ალბათ მეც მაცილი

შემიწირავს,როგორც თიკანს,

ვისღა სიტყვა,ვისღა ლექსი,

ვისღა ჩვენი რომანტიკა?!