ალექსანდრე რომანიშვილი – “დავგმობ გლოვას”
გამოვექეც სიკვდილის ღმერთს
და დავტოვე ბრძოლის ველი,
დავამსხვრიე ბასრი ხმალი,
ჭაბუკ გმირთა სისხლის მსმელი.
***
ახლა ვეძებ სიცოცხლის ღმერთს,
მსურს შევიქმნე მის მეგობრად
და წავიყვან ბრძოლის ველზე,
სიკვდილისა დასაგმობად.
***
ქნარის ჟღერით მე წინ წავალ,
სასიცოცხლოს ვიწყებ მღერას,
ბრძოლით გატაცებულ გმირებს,
მე მოვასმენ ტკბილ სიმთ ჟღერას.
***
მათ სულ ყველას შევიერთებ
და ვამღერებ ჩემთან ერთად,
რომ მთლად დავგმო დრეს სიკვდილი
და სიცოცხლე გვწამდეს ღმერთად.
***
შევაძრწუნებ სიკვდილის ღმერთს,
დღეს ამქვეყნად გამეფებულს,
მთლად დავამსხვრევ მის ბასრ მახვილს,
სასიკვდილოდ გაწოდებულს.
***
და ამ ქვეყნად პირველ ღმერთად,
მე ვიწამებ სიცოცხლის ღმერთს
და ჩემს სუსტ ხმას შევუერთებ,
მებრძოლ გმირთა ურიცხვ გროვას,
დავგმობ ცრემლებს,დავგმობ გლოვას.