“პირველი ჯვაროსნები”

შუა საუკუნეების ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია ჯვაროსნულ ლაშქრობებს. სამეცნიერო წრეებში დღემდე აზრთა სხვადასხვაობაა ამ მასშტაბური მოძრაობის მიზნებისა და ხასიათის შესახებ.

ჯვაროსნული ლაშქრობები უკავშირდება ევროპული შუა საუკუნეების ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და რომანტიკულ სახეს – რაინდობას. ასევე კათოლიკურ ეკლესიას,რელიგიური იდეებით შთაგონებული ევროპის დაბალ სოციალურ ფენებსა და საერთოდ, დასავლურ ქრისტიანულ სამყაროში ჩამოყალიბებულ მსოფლმხედველობას.

მაინც ვინ იყვნენ პირველი ჯვაროსნები? რამ აიძულათ ისინი,დაეტოვებინათ თავიანთი ქვეყნები,ოჯახები და შორეულსა და უცნობ მხარეში საომრად წასულიყვნენ,თან არც კი იცოდნენ,დაბრუნდებოდნენ თუ არა? მიზეზები ძალიან მრავალფეროვანია,ისევე როგორც რმოსავლეთში უფლის საფლავის გასათავისუფლებლად წასულთა შემადგენლობა. თავდაპირველად ამ ლაშქრობათა გამომწვევ მიზეზებზე შევჩერდეთ. ისტორიკოსთა აზრით, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად,რამაც აღმოსავლეთისკენ ასეთი მასტაბის მოძრაობა გამოიწვია,ევროპაში მიწების იმწირე იქცა.დიდ ფეოდალურ ოჯახებს,რომელიც მრავალშვილიანობით გამოირჩეოდნენ,მიწები აღარ ჰყოფნიდათ. მიწა,როგორც წესი,მემკვიდრეობით უფროს ვაჟს გადაეცემოდა,დანარჩენები კი ხშირად უმიწაწყლოდ რჩებოდნენ. ეს წვრილი რაინდობის მნიშვნელოვან ეკონომიკურ პრობლემას წარმოადგენდა,ამიტომ რაინდთა ნაწილი,რომელიც ქონებასა და სიმდიდრეს იყო დახარბებული,თან “საქმენი საგმირონიც” იზიდავდა,ხალისით მიერმართებოდა აღმოსავლეთში საომრად,არა იმდენად უფლის საფლავის გასათავისუფლებლად,რამდენადაც სახელის და ქონების მოხვეჭის სურვილით. არანაკლებ პრაგმატული მიზნები ამოძრავებდათ იტალიის ცნობილ ქალაქებს – გენუას,პიზას,ვენეციას. მათ აღმოსავლეთის სიმდიდრეებთან ერთად (რომლის შესახებ ევროპელებს გადაჭარბებული წარმოდგენა ჰქონდა,თუმცა კი იმდროინდელი აღმოსავლეთი სიმდიდრითა და ფუფუნებით მართლაც აღემატებოდა დასავლეთ ევროპას) ძლიერი სავაჭრო კონკურენტის – ბიზანტიის დასუსტებაც აძლევდათ ხელს. მსხვილი ევროპელი ფეოდალები კი ახალ-ახალი სამფლობელოების,ძალაუფლებისა და პოლიტიკური გავლენის გაზრდაზე ოცნებობდნენ. გარდა ამისა,აქ  გასათვალისწინებელია ევროპელ ქრისტიანთა ბრძოლა მუსლიმან დამპყრობთა წინააღმდეგ,განსაკუთრებით ესპანეთში,რომელიც “რეკონკისტას” სახელითაა ცნობი. მუსლიმანებთან ბრძოლას უკავშირდება დასავლურ ქრისტიანობაში განვითარებული “წმინდა ომის” იდეა,რომლის მიხედვითაც, სამართლიანია ომი,რომელიც ურწმუნოთა წინააღმდეგ წარიმართება (საერთოდ,რელიგიის ისტორიაში ცნობილია “წმინდა ომის” იდეა,თუნდაც ისლამური “ჯიჰადი” რომ გავიხსენოთ). მაგალითად, 753 წელს რომის პაპ სტეფანეს მიერ ფრანკი წარჩინებულებისადმი გაგზავნილ წერილში ნათქვამია,რომ იმ მეომრების ღვაწლი,რომლებიც სარაცინი (ანუ არაბი,მუსლიმანი) ბარბაროსების წინააღმდეგ ომში დაიღუპებოდნენ,მოწამეთა ღვაწლის ტოლფასი იქნებოდა,ხოლო პაპ ლეო მეორის თქმით,ასეთი მეომრები სიკვდილის შემდეგ ცათა სასუფეველში მოხვდებოდნენ, რადგან ისინი თავს სწირავდნენ “ჭეშმარიტი რწმენისათვის,სამშობლოსა და ქრისტიანობისათვის”. ხშირად მოიხმობდნენ ძველაღთქმისეულ მაგალითებს,რითაც განამტკიცებდნენ “წმინდა ომის” იდეის სამართლიანობის (უნდა აღინიშნოს,რომ ეს შეხედულება ნეტარი ავგუსტინეს თხზულებებიდან იღებს სათავეს). ანუ დასავლური ეკლესიის წიაღში ჯვაროსნული ლაშქრობების იდეის აღმოცენებას იდეოლოგიური საფუძველი ნადმვილად ჰქონდა. ქრისტიანული დასავლეთი ისლამურ აღმოსავლეთზე კონტრშეტევისთვის ემზადებოდა. ამ ყველაფერს ემატებოდა ევროპაში გახშირებული ეპიდემიები და შიმშილი,რაც განსაკუთრებით დაბალ სოციალურ ფენებს ლაშქრობაში მონაწილეობის საბაბს აძლევდა. XI საუკუნის შუა წლებისთვის დასავლური ეკლესია გაძლიერებისა და აღმავლობის გზაზე დადგა,რაც გამოწვეული იყო კლუნიური მოძრაობის რეფორმებითა და პაპ გრიგოლ VII-ის (1073-1085) მოღვაწეობით. კლუნიური მოძრაობა მტკიცე საეკლესიო ორგანიზაციის შექმნასა და სამღვდელოების ზნეობრივ ამაღლებაზე ზრუნავდა. 1054 წელს ბერძნულ და ლათინურ ეკლესიებს შორის მორიგი და საბოლოო განხეთქილება მოხდა, თუმცა ორი ეკლესიის დაშორება უფრო ხანგრძილივი პროცესი იყო და XI საუკუნის ბოლომდე გაგრძელდა. ეკლესია დიდ გავლენას ფლობდა და ბუნებრივია, მის მოწოდებებს ყოველთვის ბევრი ადამიანი ეხმაურებოდა. ჯვაროსნული ლაშქრობების გამომწვევ მიზეზებზე საუბრისას ისტორიკოსები ხშირად ახსენებენ იმდროინდელი ევროპის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას,სავაჭრო-პოლიტიკურ ინტერესებს,დემოგრაფიასა და სხვა მსგავს ფაქტორებს,მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს უმთავრესი – რელიგიური საფუძველი. რელიგია დღესაც, XXI საუკუნის სამყაროშიც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. მით უფრო დიდი იყო მისი გავლენა შუა საუკუნეებში. ვფიქრობთ,ადამიანთა დიდი უმრავლესობა ახლო აღმოსავლეთში გულწრფელი რელიგიური მოსაზრებეებით მიემართებოდა.მათ მართლაც ჰქონდათ ცოდვათა მიტევებისა და ცათა სასუფევლის დამკვიდრების იმედი.ასეთი მსოფლმხედველობა ჰქონდათ ჯვაროსნული ლაშქრობის პირველ მონაწილეებს: გლეხებს,ქალაქის მოსახლეობის უღატაკეს ფენებსა და ზოგადად ყველაზე დაბალი სოციალური წრეების წარმომადგენლებს. თუმცა ასეთ გულწრფელ მორწმუნეთა გვერდით უამრავი მოძალადე და ბოროტმოქმედი იყრიდა თავს. სანამ უშუალოდ ლაშქრობაზე ვისაუბრებდეთ,აუცილებლად უნდა ვახსენოთ საფრანგეთი,კლერმონი, 1095 წლის 26 ნომბერი,როცა საეკლესიო კრების დასრულების შემდეგ რომის პაპმა ურბან მეორემ ღია ცის ქვეშ შეკრებილ ხალხს სიტყვით მიმართა და უფლის საფლავის ურწმუნოთა ხელიდან განთავისუფლებისკენ მოუწოდა.

“ასეთია ნება ღვთისა!” – ყვიროდნენ მოედანზე შეკრებილნი,პიუის ეპისკოპოსმა ადემარმა მუხლი მოიყარა პაპის წინაშე და ლაშქრობისთვის კურთხევა გამოსთხოვა. ლაშქრობის იდეა ათასობით ადამიანმა აიტაცა,მათ თავიანთ ნიშნად სამოსზე,მარჯვენა მხარეს ამოქარგული ჯვარი აირჩიეს. ასე დაიწყო ჯვაროსნული ლაშქრობები. რომის პაპი ლაშქრობათა მონაწილე ქრისტიანებს ცოდვათა მიტევებას შეჰპირდა,იმ შემთხვევაში თუ ისინი აღმოსავლეთში უფლის საფლავის გათავისუფლების გულწრფელი სურვილით წავიდოდნენ და არა სიმდიდრისა და სახელის მოსახვეჭად. რა მდომარეობა იყო აღმოსავლეთში? X საუკუნეში ბიზანტიის იმპერიამ ძლიერების მწვერვალს მიაღწია,თუმცა XI  საუკუნეში მის საზღვრებთან თურქთა გამოჩენამ მდგომარეობა მნიშვნელოვნად შეცვალა. საიმპერატორო კარის გადატრიალებებმა,მმართველთა ხშირმა ცვლილებამ და მტრის (პაჭანიკები,თურქები,ნორმანები) მასობრივმა შემოსევებმა იმპერიის საზღვრები შეამცირა. ბიზანტიას აგრესიულად უტევდნენ თოღრულ-ბეგი,ალფ-არსლანი (1065-1072) და მალიქ-შაჰი (1072-1092). ბიზანტიელებმა სასტიკი მარცხი იწვნიეს 1071 წელს მანასკერტთან,სადაც იმპერატორი რომანოზ დიოგენე თურქებს ტყვედ ჩაუვარდა. ეს დამარცხება იმპერიისთვის დიდი ტრაგედიის დასაწყისად გადაიქცა. თურქებმა დაიპყრეს კაპადოკია, აიღეს ნიკეა,იკონია,ქრისოპოლი და იმპერიის სხვა უმიშვნელოვანესი სტრატეგიული ქალაქები,ციხესიმაგრეები თუ მხარეები. თურქ-სელჩუკთა გავლენა ახლო აღმოსავლეთის დიდ ნაწილზე გავრცელდა. თურქებმა დაიპყრეს სომხეთიც. 1048 წელს აიღეს არზნი, 1064 წელს – ანისი,ხოლო 1071 წელს,ბიზანტიელთა სასტიკი მარცხის შემდეგ,სომხეთის დარჩენილ ნაწილსაც დაეუფლნენ. სომხური სახელმწიფოებრიობა მხოლოდ კილიკიის სომხურ სამეფოში განაგრძობდა არსებობას,თუმცა ეს უკანასკნელი რამე სერიოზულ ძალას არ წარმოადგენდა. თურქებმა დაიპყრეს ერაყი,სირია,ირანი,მცირე აზიის დიდი ნაწილი. უკეთესი მდგომარეობა არც საქართველოს სამეფოში იყო,რომელიც ბიზანტიის შემდეგ აღმოსავლეთში ქრისტიანობის უმთავრეს დასაყრდენად რჩებოდა. სელჩუკები საქართველოში მეფე ბაგრატ IV-ის (1027-1072) დროს შემოიჭრნენ (1064 წელს). მიუხედავად ქართველთა წინააღმდეგობისა,თურქებმა საქართველოს დიდი ნაწილის დაპყრობა მოახერხეს. მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა ბაგრატის მემკვიდრის გიორგი II-ის (1072-1089) მეფობისას,საქართველოს სამეფო კარი თურქებს ხარკს აძლევდა,ეს უკანასკნელნი საქართველოს ტერიტორიის დიდ ნაწილს საძოვრებად იყენებდნენ.მდგომარეობა რადიკალურად არც გიორგის მემკვიდრის,დავით IV-ის (1089-1125) მეფობის პირველ წლებში შეცვლილა. დავითი იძულებული იყო,თავისი მეფობის პირველი ათწლეულის განმავლობაში სელჩუკებისთვის ხარკი ეხადა. აი,ასეთ მდგომარეობაში იმყოფებოდა ახლო აღმოსავლეთი,როცა მის მიწაზე პირვლემა ჯვაროსნებმა შეაბიჯეს. როგორც აღვნიშნეთ,პირველი ჯვაროსნები უბრალო მორწმუნეები,ევრობის მოსახლეობის ყველაზე დაბალი სოციალური ფენების წარმომადგნელები იყვნენ. მათთვის უმთავრესი მიზანი წმინდად რელიგიური იყო,რადგან აღმოსავლეთისკენ სასწაულების მოლოდინში მიდიოდნენ. (ავტორი გენია.ჯი) მგზნებარე მქადაგებელ პეტრე მეუდაბნოისა და რაინდ ვალტერ უქონელის (გოტიე-უმცროსის) ხელმძღვანელობით ჯვაროსანთა ნაწილი ჩრდილოეთ საფრანგეთში შეიკრიბა. სხვა ნაწილი იკრიბებოდა გერმანიაში. უზარმაზარი მასის რაოდენობა ასი ათასს აღწევდა. ეს უშველებელი ბრბო,წმინდა რელიგიური იდეებით აღტკინებულ ადამიანთა გარდა,გაქცეული გლეხების,დამნაშავეების,ავაზაკების,მოძალადეებისა და სხვა მსგავსი საქმიანობისა და ფსიქოლოგიის ადამიანებისგან შედგებოდა. ისინი ნაკლებად უსმენდნენ თავიანთ წინამძროლებს და რადგანაც სასჯელის შიში არ ჰქონდათ,ყველაფერზე მიდიოდნენ. მით უმეტეს,თან არც საკვები,არც სხვა რამ რესურსები გააჩნდათ,ამიტომ ადგილობრივი მოსახლეობის ძარცვა-გლეჯაზე იყვნენ გადასული. სალაშქროდ წასულ მამაკაცებს თან მიყვებოდათ ქალები და ბავშვები. მიაღწევდნენ თუ არა რომელიმე დასახლებულ პუნქტს,კითხულობდნენ: “ეს ხომ არ არის იერუსალიმი?” რელიგიური ისტერიის ფონზე რაინისპირა ქალაქებში ებრაელთა რბევა დაიწყეს. ებრაელთა საშინელი სასაკლაოები მოაწყვეს ვორმსში,კიოლნში,მაინცში. მაინცის ებრაელობა ადგილობრივმა ეპისკოპოსმა საკუთარ სახლში გადამალა,მიუხედავად ამისა,ბრბო ეპისკოპოსის სახლში შეიჭრა და იქ მყოფი ებრაელები ამოხოცა. ჯვაროსანთა წინამძღოლად პეტრე ამიენელი მიიჩნეოდა. გვიანდელმა ლეგენდამ საერთოდ ჯვაროსნულ ლაშქრობათა დაწყება სწორედ ამ პოპულარულ მქადაგებელს დაუკავშირა. ლეგენდის თანახმად,იერუსალიმში მყოფ პეტრეს (ის პილიგრიმი იყო და იერუსალიმის მოსალოცად ლაშქრობათა დაწყებამდეც დადიოდა) ძილში მაცხოვარი გამოეცხადა,რომელსაც პეტრესთვის უთქვამს: “პეტრე!საყვარელო შვილო ჩემო! ადექი და მიდი ჩემს პატრიარქთან და ის მოგცემს შენი წარგზავნილობის წერილს. მოყევი შენს სამშობლოში წმინდა ადგილთა სავალალო მდგომარეობის შესახებ და გამოაფხიზლე მოწმუნეთა გულები,რათა იერუსალიმი წარმათთაგან გაათავისუფლონ!” პეტრეც მისულა იერუსალიმის პატრიარქთან,რომელსაც მართლაც მიუცია მისთვის წერილი. პეტრემ წერილი პაპს წაუღო,რაც გამხდარა მიზეზი ჯვაროსნული ლაშქრობების დაწყებისა. ისტორიკოსთა აზრით,ეს ლეგენდა მოგვიანებით პეტრეს პიროვნებით აღფრთოვანებულ მორწმუნეთა წრეში შეიქმნა,რომლებსაც ჯვაროსნულ ლაშქრობათა ინიციატორად უბრალო მქადაგებლის ხილვა სურდათ და არა უმაღლესი იერარქისა. უნგრეთისა და ბულგარეთის გავლისას ჯვაროსნები მნიშვნელოვნად დაზარალდნენ, რადგან ადგილობრივმა მოსახლეობამ გადაწყვიტა,დაუპატიჟებელი სტუმრებისთვის ჭკუა ესწავლებია. უნგრეთის საზღვართან მათ უნგრეთის კბილებამდე შეიარაღებული მეფე კალომანი დახვდა. კალომანმა ჯვაროსნებს დახმარება და ქვეყნის ტერიტორიაზე მშვიდობიანი გავლა შესთავაზა,მხოლოდ იმ პირობით, თუ მომხდურები ადგილობრივ მოსახლეობას არ შეაწუხებდნენ. თავდაპირველად ყველაფერი მშვიდობიანად წარიმართა,მაგრამ როცა უნგრეთში ჩასულ ჯვაროსანთა მეთაურმა გოტშალკმა შეიტყო,რომ ჩეხეთის მთავარ ბრიაჩისლავს ჩეხეთში მყოფი ჯვაროსნები დაუხოცავს(რისი მიზეზიც ნამდვილად ექნებოდა),შურისძიების მიზნით ადგილობრივი მოსახლეობის ძარცვა და აწიოკება დაიწყო. კალომანმა ჯვაროსნები ერთი დარტყმით გაანადგურა. სრულ კატასტროფას გადარჩენილებმა ძლივს გამოაღწიეს უნგრეთიდან. კარგი დღე არც ბულგარეთში მყოფთ დაადგათ. როგორც იქნა,არეულმა,ცუდად შეიარაღებულმა და არაორგანიზებულმა ბრბომ კონსტანტინოპოლამდე ჩააღწია (1096). ბერძნები ჯვაროსნებს კეთილგანწყობილად დახვდნენ, ასევე ძალიან კეთილგანწყობილი იყო მათდამი იმპერატორი ალექსი კომნენოსი,რომელმაც დედაქალაქში ჩასულთ მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია,მაგრამ ბიზანტიის იმპერიის ბრწყინვალე დედაქალაქში ევროპელი გლეხები,რომლებსაც ცხოვრებაში ფიცრულების მეტი არაფერი ენახათ,ადგილობრივ სიმდიდრეებს დახარბდნენ. ქალაქში უწესრიგობა დაიწყო.ჯვაროსნებს ადგილობრივ სამართალდამცველებთან უხდებოდათ შეტაკება,თუმცა ქალაქში დიდხანს არც გაჩერებულნ. აღარ მოუცადეს რაინდებს,იმპერატორსაც მათი თავიდან მოშორება სურდა, და ბოსფორის სრუტით მცირე აზიაში გადავიდნენ ასი ათასი ჯვაროსნიდან თურქების მახვილს იქიდან მხოლოდ პეტრე მეუდაბნოემ და რამდენიმე ათასმა გამოასწრო. ლაშქრობა სრული კატასტროფით დასრულდა. ამასობაში კი ევროპაში ფეოდალები იწყებდნენ შეიარაღებასა და შეკრებას. (ავტორი გენია.ჯი) პროვანსელები და იტალიელები გრაფ რაიმონდ ტულუზელის მეთაურობით აღმოსავლეთისკენ იტალიის,დალმაციის და ეპირის მთების გავლენით მიემართებოდნენ. ჩრდილოეთ საფრანგეთისა და გერმანიის რაინდები, ლოთარინგიის ჰერცოგის გოტფრიდ ბულონელისა და მის ძმისშვილ ბალდუინის ხელმძღვანელობით,მდინარე დუნაის დაუყვნენ. მესამე ჯგუფს ძირითადად ნორმანები შეადგნენ და მათ ბოემუნდ ტარენტელი და მისი ძმისშვილი ტანკრედი მეთაურობდნენ. ისინი აღმოსავლეთისკენ ადრიატიკის ზღვის,ეპირისა და ტრაკიის გავლით მიდიოდნენ. ჯვაროსანთა მეოთხე ჯგუფს ჩრდილოეთ საფრანგეთის ნორმანი რაინდები შეადგენენ,ჰერცოგ რობერტ ნორმანელის მოთავეობით. ჯვაროსნებმა კონსტანტინეპოლში თავი 1096 წელს მოიყარეს. სწორედ აქ გამოჩნდა განსხვავება ცივილიზებულ ბიზანტიასა და იმდროინდელ დასავლეთ ევროპას შორის. დახვეწილი და განათლებული ბიზანტიელი არისტოკრატია ევროპელებს “ბარბაროსებად” და “ველურებად” მოიხსენიებდა. ანტიპათიას,რასაკვირველია,აღმსარებლობითი განსხვავებაც აღმავებდა. ალექსი კომნენოსმა (რომელსაც მათი საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენება და თავიდან მოშორებაც სურდა) ბოსფორის სრუტის გავლით სწრაფად გადაიყვანა ისინი მცირე აზიაში,მანამდე კი ერგულების ფიცი დაადებინა. თავდაპირველად გოტფრიდ ბულონელმა ამ ფიცის დადებაზე უარი განაცხადა და ამაყად თქვა,რომ იმპერატორს მხოლოდ ისე დაელაპარაკებოდა,როგორც თანასწორი თანასწორს,მაგრამ როდესაც იმპერატორმა მის წინააღმდეგ ჯარები დაძრა,მაშინვე მორჩილებასა და ერგულების ხასიათზე დადგა და ფიცი,ისევე როგორც ყველამ,გოტფრიდმაც დადო. პირველი ქალაქი,რომელსაც ჯვაროსნებმა ბერძნებთან ერთად ალყა შემოარტყეს, იყო რუმის სასულთნოს ქალაქი ნიკეა (ბიზანტიის უძველესი ქალაქი,სადაც პირველი და მეშვიდე მსოფლიო საეკლესიო კრებები გაიმართა). ბერძნები თურქებს მოელაპარაკნენ,თურქებმა ქალაქი ბერძნებს დაუთმეს,ამ უკანასკნელებმა კი ჯვაროსნებს ქალაქის კარიბჭე ჩაურაზეს და გარეთ დატოვეს (1097). ჯვაროსნებს გზა უნდა განეგრძოთ. გზა კი გრძელი და მძიმე იყო,თან ყველაფერს საშინელი სიცხე (სიცხეში ჯავშანი ხურდებოდა და მეომარი გახურებულ ჯავშანში იხარშებოდა) და თურქთა თავდასხმები ემატებოდა. ჯვაროსნებს მხსნელებად კილიკიელები სომხები,მოევლინენ,რომლებმაც დაღლილ მეომრებს უმასპინძლეს.აქ ერთმანეთს გოტფრიდ ბულონელის ძმისშვილი ტანკრედი წაეკიდნენ. ამ უკანასკნელმა ქალაქ ტარსოსის დაკავება მოისურვა,თუმცა იქიდან ბალდუინმა გამოაძევა. ბალდუინმა ესეც არ იკმარა,ძირითად ლაშქარს გამოეყო და თავი ედესის გრაფად გამოაცხადა (1098). ჯვაროსნებმა გზა გააგრძელეს და აღმოსავლეთის ერთ-ერთ უმთავრეს ქალაქს,ანტიოქიას მიადგნენ. ალყაც შემოარტყეს,მაგრამ მისი აღება ძალიან საეჭვო ჩანდა. ჯვაროსნებს მხსნელად აქაც სომეხი მოევლინათ-ქალაქის ერთ-ერთი კოშკის მცველი,რომელიც მოემუნდ ტარენტელს,ნორმანთა ხელმძღვანელს,ქალაქში შეშვებას შეჰპირდა. ბოემუნდმა აღნიშნულის შესახებ დანარჩენ მეთაურებს აუწყა და გამოაცხადა,რომ სომეხი მცველის წინადადებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებდა,თუ ქალაქის მმართველად მას აირჩევდნენ. მეთაურებმა თავდაპირველად შეიცხადეს,იმპერატორისადმი მიცემულ ფიცს ვერ ვუღალატებთო,მაგრამ როდესაც ჰორიზონტზე თურქთა ორას ათასიანი არმია,გამოჩნდა,ფიცი ყველას დაავიწყდა და ბოემუნდის წინადადებაც მაშინვე მიიღეს. 1098 წლის 2 ივისის ღამეს სომეხმა მცველმა ჯვაროსნები თავის კოშკში აუშვა. ქალაქი მალევე დაეცა. ჯვაროსნებმა ანტიოქიაში საშინელი ცოვა-ჟლეტა მოაწყვეს,რის გაძარცვავ შეიძლებოდა,ყველაფერი წაიღეს და გაიტანეს,მაგრამ იქვე იყო ახალი განსაცდელი.

ჯვაროსნების დაკავებულ ანტიოქიას თურქთა უზარმაზარი ლაშქარი მოადგა. ქალაქში დაიწყო შიმშილი,ეპიდემიები,რელიგიური ისტერია,გამოცხადებები და სხვ. ერთი პროვანსელი მღვდელი ამტკიცებდა,რომ გამოცხადებით იმ შუბის ადგილსამყოფელი შეიყტო,რომლითაც მაცხოვარს გვერდი განუგმირეს. მითითებულ ადგილას შუბი მართლაც აღმოჩნდა. ნორმანები ირწმუნებოდნენ,რომ მღვდელმა შუბი თვითონ ჩამარხა. მოძღვარმა თავისი სიმართლის დასამტკიცებლად შუბით ხელში ცეცხლში გავლა გადაწყვიტა. (ავტორი გენია.ჯი) გამოცდა წარუმატებლად დასრულდა. პროვანსელი მღვდელი რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. ხსნა არსაიდან ჩანდა,ამიტომ ევროპელებმა ქალაქიდან გასვლა და თურქებთან პირისპირ შერკინება გადაწყვიტეს. თურქებს სუსტი მხარე ჰქონდათ: ჯარი უდისციპლინო და დაჯგუფებებად დაქსაქსული იყო,ამიტომ ჯვაროსნებმა სელჩუკები ადვილად დაამარცხეს,შემდეგ მათ მიტოვებულ ბანაკს შეესივნენ და იქაურობა საშინლად ააოხრეს. ერთ-ერთი თვითმხილველის გადმოცემით (რომელიც ჯვაროსნებს,როგორც ჩანს,ჰუმანურ ადამიანებად მიიჩნევდა), “რაც შეეხება ქალებს,რომლებიც ბანაკში აღმოჩნდნენ,ჯვაროსნებს მათთვის არავითარი ზიანი არ მიუყენებიათ (?!), გარდა იმისა,რომ მათი მუცლები ხმლებით გაფატრეს”. ჯვაროსნებმა განსაზღვრული ხნით ანტიოქიაში შეჩერება და “საგმირო საქმეთაგან” (რომლის მაგალითებიც ზემოთ მოვიყვანეთ) დასვენება გადაწყვიტეს. დასვენების პერიოდში ეპიდემიამ იმსხვერპლა პაპის ლეგატი ეპისკოპოსი ადემარი,რომელიც აქამდე ჯვაროსანთა გამაერთიანებლად გამოდიოდა.მისი სიკვდილის შემდეგ ევროპელი დიდებულები ერთმანეთს დაერივნენ. უთანხმოება გაღვივდა რაიმონდ ტულუზელსა და ბოემუნდ ტარანტელს შორის. ანტიოქიას ეს უკანასკნელი იჩემებდა,რისი სასტიკი წინააღმდეგიც და ქალაქის იმპერატორისთვის გადაცემის მომხრე იყო მოებუნდი. ქალაქი საბოლოოდ რაიმონდს დარჩა. ბოემუნდმა გზის გაგრძელებაზე უარი თქვა. დანარჩენები კი იერუსალიმისკენ გაეშურნენ.

იერუსალიმი იმ დროს ფატიმიდების დინასტიას ექვემდებარებოდა. ჯვაროსნებსა და ფატიმიდებს შორის მოლაპარაკება რასაკვირველია,უშედეგოდ დასრულდა. ევროპელები ქალაქის ასაღებად ემზადებოდნენ.მათ დასახმარებლათ იტალიის სახელგანთქმულმა ქალაქმა გენუამ მასალით დატვირთული გემები გამოგზავნა. ჯვაროსნებმა ქალაქთან ხის ორი კოში და კიბეები აღმართეს. შეტევამდე ქალაქის გარშემო მსვლელობა მოაწყვეს ლოცვით,რის შემდეგაც დაიწყო გააფთრებული ბრძოლა ქალაქის ასაღებად. ერთ-ერთი შეტევისას ჯვაროსნებმა ხის კოშკიდან გალავანზე რამდენიმე ფიცრით ხიდის გადება მოახერხეს. სახელდახელოდ გადებულ იდზე პირველად ორი ფლამანდელი რაინდი გადავიდა,მათ მიჰყვნენ გოტფრიდ ბულონელი და მისი ძმისშვილი ბალდუინი. ამასობაში ქალაქის სხვა მხარეს ნორმანებმა კედელი გაარღვიეს და იერუსალიმში შეიჭრნენ. ქალაქი დაეცა 1099 წლის 15 ივლისს. ჯვაროსნებმა მუსლიმთა და ებრაელთა საშინელი ხოვა-ჟლეტა მოაწყვეს.სასაკლაო მხოლოდ რელიგიური ცერემონიების დროს წყდებოდა. იერუსალიმის მმართველად ერთხმად გოტფრიდ ბულონელი აირჩიეს. ახლო აღმოსავლეთში ევროპული ტიპის სამეფო-სამთავროები შეიქმნა. (ავტორი გენია.ჯი) მუსლიმები არსახარბიელო მდგომარეობაში აღმოცდნენ. ჯვაროსანთა დაპყრობათა პარაელურად გაძლიერებული საქართველოს სამეფო ამიერკავკასიაში თურქების წინააღმდეგ დიდი გამათავისუფლებელ ბრძოლას იწყებდა,თუმცა სახარბიელო არც თვით ევროპელთა მდგომარეობა იყო. თავიანთი გავლენის განსამტკიცებლად პირველ ჯვაროსნებს კიდევ ხანგრძლივად მოუწევდათ ბრძოლა.

წყარო: ჟურნალი – “ისტორიანი”