შარლ დე გოლის შესახებ…
შარლ დე გოლი მართლაც საფრანგეთს განასახიერებს,თუმცა ამერიკელთა უმეტესობისათვის და ბევრი ფრანგისთვისაც იგი მაინც ენიგმად რჩება. და თუ მის თანამემამულეებსაც კი ეს ემართებათ,რაღა გასაკვირია,დანარჩენი მსოფლიოსათვის ის ცივ,თავკერძა ადამიანად მიაჩნდეს,ვისი ამოუცნობი ფიქრებიც არაფრის გამომხატველი ნიღბის მიღმა იმალებოდა? საფრანგეთის აკადემიის წევრმა,ანრი დანიელ-რობსმა დე გოლის შესახებ ერთხელ თქვა: “ხალხის თვალში ის ცოცხალ ძეგლად აღიქმებაო”…
ცხადია,თავად დე გოლსაც სწორედ ამგვარი განზრახვა ამოძრავებდა – მისი აზრით,ადამიანს,რომელიც საფრანგეთს წარმოადგენს,დიდებულების ელფერი უნდა ედოს და ეული ობელისკივით იდგეს,ამაყად. “ჩემი ტვირთის მატარებელ ადამიანს არც მეგობრებისა და არც მტრების ყოლის ფუფუნება არ აქვს!” – ამბობდა იგი.
რა თქმა უნდა,უამრავი დაუძინებელი მტერი ჰყავდა,თუმცა თავად მათ არც მტრებად მიიჩნედა და არც მტრულად ეპყრობოდა; ეგ კი არა,დროდადრო ყველაზე შეურიგებელ მოწინააღმდეგეებსაც კი სთავაზობდა სავარძლებს თავის მთავრობაში.ეგეცაა – არც გულითადი მეგობრებით ყოფილა განებივრებული: ძირითადად,ძველი თანამებრძოლები ეხვია გარს და კიდევ – თანაშემწეები,მინისტრები და სხვადასხვა რანგის ჩინოვნიკები. (ავტორი გენია.ჯი) მართალია,ყველას მიმართ გარკვეულ სითბოს და სიყვარულს ავლენდა,მეგობრობამდე მათ შორის საქმე მაინც არასდროს მისულა.მეტ-ნაკლებად ახლობელ ადამიანად შესაძლოა,ისევ ანდრე მალრო ჩაითვალოს – შესანიშნავი ფრანგი მწერალი,ყოფილი კომუნისტი,ფრანგული წინააღმდეგობის წევრი,შემდგომ კი – კულტურის მინისტრიც.დე გოლის იდუმალ სამყაროში ის ერთგვარი “პირადი ფილოსოფოსის” როლს თამაშობდა და მათ ურთიერთობას მეგობრობის რაღაც ნიშატი მაინც ედო.მხოლოდ მას შეეძლო გაუფრთხილებლად შეეღო პრეზიდენტის კაბინეტის კარი…
მაგრამ ბოლო ადამიანი,რომელიც დე გოლს სახელით მიმართავდა ხოლმე,1959 წელს,შობას გარდაიცვალა და ეს მისი უმცროსი ძმა,პიერი გახლდათ.
რაც შეეხება მითს მისი ამ რაღაც “ამოუცნობი ხასიათის” შესახებ,ეს სრული უაზრობა და მონაჩმახია: შარლ დე გოლის მთელი ცხოვრებისეული გზა ისევე სწორია და პირდაპირი,როგორც საჰარაში გაყვანილი ფრანგული გაზსადენის მილი! ყოველი მისი ქმედება და სიტყვა ერთადერთ მიზანს ემსახურებოდა – აღედგინა საფრანგეტის დიდება,რის გარეშეც,მისივე თქმით,ქვეყანა საჯუთარ სახეს დაკარგავდა.
ცხოვრების ეს უმაღლესი ხარისხი არასიდეს დაუმალავს.სამშობლოსთან თავი პირველად მაშინ გააიგივა,როდესაც საკუთარი გვარის ეტიმოლოგია გააცნობიერა: დე გოლი,ანუ – “გალების შთამომავალი”.მთელი ცხოვრება თითქოს წინდაწინვე სჭვრეტდა,რა მისიის აღსრულებაც მოუწევდა და შეგნებულად იწრთობდა კიდეც თავს საამისოდ: ჯერ კიდევ პატარა,გრძელღამისპერანგა ბიჭუნა საწოლთან დაჩოქილი ლოცულობდა და ღვთისმშობელს ევედრებოდა – საფრანგეთისათვის რაიმე დიადის ჩადენის საშუალება მომეციო – სულ ერთია რის,ოღონდ კი რაიმე დიდებულის… იგი დიდი მისტიკოსი და დონ კიხოტივით გამოუსწორებელი რომანტიკოსი გახლდათ: შეეძლო,მაგალითად,ამგვარი სტრიქონები დაეწერა – “უკიდურესი აღტკინების ჟამს საფრანგეთი ხან ზღაპრულ ფერიად წარმომიდგენია,ხან კიდევ – ფრესკაზე გამოსახულ ღვთისმშობელად”…
მაგრამ სერვანტესის შეშლილი რაინდისაგან განსხვავებით,დე გოლს ქარის წისქვილებთან არასოდეს უომია.
დე გოლის შესახებ სწორი შენიშვნა მისცა მისმა ერთ-ერთმა მოწინააღმდეგემ – პიერ ბუტანმა: “დე გოლი გუშინდელში ჩარჩენილი,ოღონდ – მომავლის კაციაო”… (ავტორი გენია.ჯი)
დე გოლი ბოლოს და ბოლოს მართლაც იქცა საფრანგეთად,თუმცა თავისი მშობლის საშოდან იმთავითვე ასეთად არ მოვლენია ქვეყნიერებას.მისი შეხედულებები,პიროვნული იდუმალება თუ საღად განსჯის უნარი – ყველაფერი ეს იმ განსაკუთრებულმა გარემომ განაპირობა,რომელშიც ის აღიზარდა.შარლ დე გოლი გახლდათ ის გენიალური ზნეობრივი პიროვნება,რომელმაც სამჯერ იხსნა თავისი სათაყვანებელი საფრანგეთი: ჯერ მტრებისაგან,მერე – მეგობრებისაგან და ბოლოს – საკუთარი თავისაგან!”