ჯანსუღ ჩარკვიანი – “ვისაც შევფიცე”

ვისაც შევფიცე: “სიცოცხლეს

შენ შემოგწირავ მთლად,

დღედაღამ შენთვის ვილოცებ

და დაგედები მტლად”, -

კი არ მოვიდა – მოვარდა:

გამომეცხადა მტრად.

გულს შემომინთო ხანძარი -

ფერფლად მაქცია,მტვრად.

რად? – ვეკითხები, – ურჯულოვ

ისეო,არცა რად.

***

- იქნება რამე შეგცოდე,

გაფიცებ მამის სულს,

არაო. და მე,საცოდავს,

ჩემივე თავი მძულს:

რამეთუ მხოლოდ ფერფლი ვარ -

ვეღარ ვიძიებ შურს.

…სხვა ნატვრა არა მინდა

რაზედ აღმოვცენდე მსურს:

ხომ გაითლება იმ ხისგან

ოთხი ფიცარი სულ…