ნიკო სამადაშვილი – “სულ სიცოცხლეზე ეჭირა თვალი”

ის მიდიოდა ფერშეცვლილ გზებით,

წყალგაღმით ჩრდილებს აენთოთ კვარი,

იწოდა კაცი ჩუმი,მგზნებარე,

თან სიცოცხლეზე ეჭირა თვალი.

***

წყევლა ესმოდათ ფეხმძიმე ნისლებს,

სადღაც კი ყეფდნენ ქუში ქედები,

მღვიმეში იდგა ჟამთა სისველე

დაოსებული შემოქმედებით.

***

ცისკრის ამოსვლა ბეწვზე ეკიდა,

ნანგრევს დაეხრა სამრეკლოს კარი,

ის მიდიოდა და მაინც კიდევ

სულ სიცოცხლეზე ეჭირა თვალი.