ჯანსუღ ჩარკვიანი – “ღალატი”

არა მტერმა და ორგულმა,

არა გადამთიელმა,

ღმერთო,ჩემო,შინაურმა,

მომკლა,გამატიალა.

***

მე რომ მკერდში ვიხუტებდი,

ვუკოცნიდი იარას,

სწორედ იმან,სწორედ იმან

მომკლა გამატიალა.

***

სანამ იყო,რა მეფერა,

დედა,რა მეტრფიალა?!

წავიდა და დამიტოვა

შხამით სავსე ფიალა.

***

კი ბატონო,მე გამოვცლი

ამ ფიალას მთლიანად,

ღმერთმა შენ კი შეგარცხვინა

შენი ღალატიანად.