გალაკტიონ ტაბიძე – “ის მიდიოდა ქუჩაში ერთი”

ის მიდიოდა ქუჩაში ერთი,

მას მიჰყვებოდა წვიმა და ქარი;

მისთვის იმ წამში არ იყო ღმერთი,

მისთვის არ იყო ქრისტე და ჯვარი.

***

იგრძნო,რომ მაინც საოცრად ცხელა,

გადიძრო ქუდი.მხურვალე შუბლი.

წვიმის წვეთები მარცვლების ხელა,

სიამოვნება ამ გრილი ღრუბლით.

***

თითქმის არ გრძნობდა სახლებს და კედლებს,

ძილით დაბურულს არ გრძნობდა მხარეს.

ეტლები ცვლიდნენ მიმავალ ეტლებს,

როგორც სიზმარში მხარე ცვლის მხარეს.

***

როგორ, საიდან… არ იცის თვითონ.

ის უცნობ ხიდზე დგას. სხვაა ხიდი.

მძიმეა ტვირთი? მაშ სხვებმა ზიდონ,

ის ეხლა გახდა წყნარი და მშვიდი.