ლექსო ლეკიაშვილი – “ეჰ,რა ლამაზი იყავი ბიჭო!”
როგორ უყვარდა… ვინ იცის როგორ…
არ მოელოდა ტანჯვას უადრესს…
მიჰგვარეს უფალს პაწია გოგო
და პანაშვიდი გადაუხადეს!
***
“ნურვინ გიყვარან!”… ქალმა პატარამ
მონაზვნის კაბით დაფარა ნიჭი
და მერე ჩუმად,გულით ატარა
ხატება ერთი ლამაზი ბიჭის…
***
ან ვინ იცოდა,დედას შაოსანს
ვისი ღიმილი აჩნდა ტკივილად…
ის არ დაწერდა “ვეფხიატყაოსანს”,
მან მხოლოდ ერთხელ დაიკივილა…
***
თოთხმეტი წლისას ჩააცვეს შავი,
წარსულს ჩაბარდა ლამაზი ფარჩა…
მან პოეტურად დახარა თავი
და კედელს ერთი სტრიქონი დარჩა.
***
იქნება გამვლელს შეავლო თვალი…
იქნება,ბერი უყვარდა ძლიერ…
სამოცდათოთხმეტს მიადგა ქალი,
ასაკის დაღი დააჩნდა იერს…
***
ტაძრის კედელზე ცრემლით ნაწერი
(მთელი ცხოვრება ალბათ იტირა)
მან ამჯობინა ლექსებს დაწელილს
და დრომ ცრემლები გააქვიტკირა.
***
ეს სევდიანი,მცირე იგავი,
შენ მოგიძღვენი,ჩემო ფერია!
იქნება,ჩემი სატრფო იყავი
და ის სიტყვებიც ჩემზე სწერია?!
***
არ ვიცი,ჩემო რა გითხრა ახლა,
უფლის სახელით ჩაკლულო ნიჭო…
მუზას არ უყვარს ლოცვებით დაღლა..
“ეჰ რა ლამაზი იყავი,ბიჭო!”
P.P. წარწერა ვარძიაში,ტაძრის კედელზე:
”თოთხმეტი წლისა აღმკვეცეს მონაზვნად,სამოცდათოთხმეტი აქ შემისრულდა…”